ბაღის გრატა
ბაღის გრატა (ლათ. Emberiza hortulana Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − გრატასებრნი (Emberizidae)
- გვარი − გრატა (Emberiza)
ბაღის გრატა ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი – 65-70 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 20-25 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის განსხვავება მცირეა. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს ღია მურა ფერისაა, ფართო მუქი ღერძული ლაქებით ზურგზე და წვრილი შტრიხებით კუდზედა ბუმბულებზე. თავი, კისრის უკანა ნაწილი, ლოყები და ჩიჩახვი მოყვითალოა. თვალების ირგვლივ თეთრი რგოლია; ყელი ყვითელია; მუცელი ღია მოქარცისფრო-წაბლისფერია, თეთრი წინწკლებით. მომქნევები მურაა; პირველი რიგის მომქნევებს ვიწრო, ხოლო მეორე რიგის მომქნევებსა და ფრთების მფარავებს ფართო ღია ფერის არშიები აქვთ. საჭის ბუმბულებიც მურაა, ცენტრალურ წყვილზე ღია ფერის არშიებით, ხოლო კიდურა ორი წყვილის წვეროს ნაწილში –დიდი თეთრი ლაქებით. ნისკარტი და ფეხები მოვარდისფროა. დედალი მამლის მსგავსია, მხოლოდ უფრო მკრთალი ელფერითა და ჩიჩახვსა და ყელზე მუქი წინწკლებით. ზაფხულის განგურის შემდეგ ორივე სქესის ფრინველი ზურგის მხარეს უფრო მურაა, მუქი ღერძულა ლაქებით.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას, უკიდურესი ჩრდილოეთი რაიონებისა და ბრიტანეთის კუნძულების გარდა. აზიაში არეალი იჭრება ორი მიმართულებით: ერთი მათგანი – დასავლეთ ციმბირში და ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, აღმოსავლეთით ალტაიმდე მინუსინსკის ქვაბულამდე, ხოლო ჩრდილოეთით – დაახლოებით 56-ე პარალელამდე; მეორე მიმართულებით არეალი აზიურ ნაწილში შედის კავკასიიდან და მოიცავს წინა აზიას, ირანს, ავღანეთს და თურქმენეთს. გადამფრენი ფრინველია. ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში იგი მობუდარია, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს უპირატესად მეჩხერ ტყეში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, ვენახებსა და ეზოებში. მთებში ადის 250O მ-მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე პატარა ჩაღრმავებაში, ხმელი ბალახის ღეროებისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. წელიწადში მრავლდება ერთხელ, თუმცა ზოგან ვარაუდობენ მეორედ გამრავლებასაც. მაისის თვეში დებს 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.
კვება
შემოდგომით, ზამთარში და გაზაფხულზე ბაღის გრატა ძირითადად სარეველა მცენარეთა თესლებითა და მწვანე ყლორტებით იკვებება. გამრავლების პერიოდში უმთავრესია მწერები, მათ შორის ტყის ისეთი მავნებლები, როგორიცაა ბოლოფეხიანები, აბლაბუდიანი ხერხიები, მზომელები და სხვა.
მნიშვნელობა
სარეველა მცენარეთა თესლებისა და განსაკუთრებით მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.