წითელფრთიანი კლდეცოცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელფრთიანი კლდეცოცია

წითელფრთიანი კლდეცოცია (ლათ. Tichodroma muraria Linnaeus, 1766) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წითელფრთიანი კლდეცოცია პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 95-106 მმ-ია, კუდი – 55-65 მმ, ნისკარტი – 23-35 მმ, წონა – 18-20 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა. ზრდასრულ ფრინველს გამრავლების პერიოდში თავი, კუდზედა ბუმბულები და სხეულის ქვემო მხარე მუქი რუხი აქვს. ზურგი უფრო ღია რუხია; ლოყები, ყელი და ჩიჩახვი – შავი. ფრთის დიდი მფარავები მურაა, წითელი ფერის გარეთა მარაოებით, ხოლო საშუალო და პატარა მფარავები წითელია. მომქნევები შავია, რომელთაც, პირველი სამის გარდა, წვეროებზე ღია ფერის, ხოლო გარეთა მარაოებზე წითელის ნარევი აქვთ. მეორე – მეექვსე მომქნევებზე თეთრი ფერის კოპლებია. საჭის ბუმბულები შავია, მაგრამ წვეროები რუხი აქვთ; კიდურა ორ წყვილს კი მოთეთრო წვეროები აქვთ. დედალს შავი ფერი კი - სერსა და მკერდზე შედარებით ნაკლებადა აქვს განვითარებული. ნისკარტი და ფეხები შავია. შემოდგომის განგურის შემდეგ თავი მურა-რუხი ხდება, ყელი – მოთეთრო, ხოლო მანტიის რუხი ფერი უფრო ღია.

ზოგიერთი ავტორი გამოყოფს 4 ქვესახეობას, რასაც სხვები არ იზიარებენ და მიიჩნევენ მონოტიპურ სახეობად.

სარჩევი

გავრცელება

არეალი მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპა - ალპების, პირენეის, აპენინის, სამხრეთ-დასავლეთი კარპატების, ბალკანეთისა და კავკასიის მთებს; მცირე აზიას, შუა და ცენტრალურ აზიაში − ჩრდილოეთ ირანს, ავღანეთს, პამირს, ტიანშანს, ტიბეტს და ჰიმალაის მთებს. ყველგან მობინადრე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მთებშიცა და დაბლობებშიც, როგორც მობინადრე ფრინველი, თუმცა მთებიდან ზამთრობით დაბლა ინაცვლებს.

ბიოტოპი

მთებში ეტანება უტყეო ქვა-ღორღიანსა და კლდოვან ადგილებს, აქა-იქ მოიპოვება კლდოვან ქარაფებზე ტყის ფარგლებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება 3100 მ-დე ზღვის დონიდან. შირაქ-ელდარის დაბლობზე გვხვდება ფლატეებზე ნათელ ტყეში.

გამრავლება

ბუდობს კლდეებისა და ფლატეების ნაპრალებში, ღრმულებში; ბუდეს აკეთებს დედალი. მამალს მოაქვს ბუდისათვის მასალა ხავსი, ხმელი ბალახი, ბალანი და სხვ. შიგნიდან ამოფენილია ნაზი მატყლითა და ბუმბულით. მაისში დებს 3-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. არაპირდაპირი მონაცემების მიხედვით, იგი ორ კვირამდე უნდა გრძელდებოდეს.

კვება

წითელფრთიანი კლდეცოციას საკვებს შეადგენენ მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, მცირე რაოდენობით ჭამს ობობებს, პატარა ზომის ლოკოკინებს და სხვა უხერხემლოებს.

მნიშვნელობა

მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები