ალამა დე არაგონი
ალამა დე არაგონი – (ინგლ. Alhama de Aragon, რუს. Алама-де-Арагон), საკურორტო ქალაქი, ბალნეო-კლიმატური კურორტი ესპანეთში, არაგონის ავტონომიური ოლქის სარაგოსის პროვინციაში, მადრიდიდან 180 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სარაგოსიდან 95 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ხალონის (მდინარე ებროს მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 650-700 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – დაბალი მთისა და ველის, შეხამებული ხმელთაშუა ზღვის ჰავასთან. ზამთარი რბილია და მშრალი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,4°C. ზაფხული თბილია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24,4°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ 318 მმ-ია. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისზე (44 მმ), ხოლო მინიმუმი – აგვისტოზე (17 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა 2900 საათია წელიწადში.
მცენარეული საფარი – კურორტის ტერიტორია დაფარულია: ვენახებით, ზეთისხილის ხეებითა დადეკორატიული მცენარეულობით. ალამა დე არაგონის მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფიჭვნარი, კორპის მუხა, იალღუნი და ავშანი.
ალამა დე არაგონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მინერალიზაციის, სუბთერმული (t – 35°C), რადონული, აზოტიანი, ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავს დარიშხანს; დაბალი მთისა და ველის ჰავა შეხამებული ხმელთაშუა ზღვის ჰავასთან; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული დაბალი მთის ჰაერი.
ალამა დე არაგონში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება (დალევა), გამორეცხვები და ინჰალაციები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალმა დე არაგონში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, პერიფერიული ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ალამა დე არაგონსა და მის მიდამოებში (მდინარე ხალონის ხეობა, ძველი რომაული დასახლება „აკვა ბილბილიტანეს“ (ახ.წ. I საუკუნე) ნაშთები; არაბების (მავრების) მიერ აშენებული აბანოები (XIII საუკუნე); ინკვიზიციის სახლის შენობა (XV საუკუნე); კლდეში გამოჭრილი საფეხურები – ე.წ. ეშმაკის კიბე (Exalerillas del Diablo) (XV საუკუნე); ძველი ციხის შენობა (1674 წელი); XIX საუკუნეში აშენებული შენობები – Hotel Termas Balneario, Terma Palmares და Vila Pachita; კანიონი ლოს ტაჰოსი; ორდესის ნაციონალური პარკი (1918 წელი) და სხვ.), ქ. სარაგოსაში (რომაული პერიოდის ნაგებობების (ძვ.წ. I –ახ.წ. II საუკუნეები) ნაშთები – ამფითეატრის, ფორუმის, თერმების, ფორტის (მდინარე ებროზე), ქალაქის კედლის და სხვ.; რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა – დე-ნუესტრა-სენიორა-დელ-პილარი (ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1681 წელს, წმიდა სვეტის (ახ.წ. 40 წელი) გარშემო, III საუკუნის სამლოცველოსა და VIII-XII საუკუნეების ეკლესიების ადგილზე. ბაზილიკის მშენებლობა დასრულდა 1969 წელს); სან-სალვადორის სახელობის რომაულ-კათოლიკური ტაძარი (1140-1516 წლები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სანმიგელეს სახელობის (XIV საუკუნე), სანტა-ენგრაციას სახელობის (XVI საუკუნე), სან-ხუან-დე-ლოს-პანეტესის სახელობის (XVII საუკუნე) და სხვ.; სანტაენგრაციას სახელობის რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XV-XVI საუკუნეები); ზუდას კოშკი (X საუკუნე); ბირჟის (La Concha) შენობა (1541-1551 წლები); ეპისკოპოსის სასახლე (XVI საუკუნე), აიუნტამიენტოს (მერიის) შენობა (XVI საუკუნე); ხალიფებისა და ესპანეთის მეფეების სასახლე მავრიტანულ სტილში – ალხაფერია (X-XI საუკუნეები); XVI საუკუნეში აშენებული სასახლეები – პალასიო-დელოს-კონდეს-დე-არგილიო, პალასიო – დე-ლოს-კონდეს-დე-სასტაგო, კონდეს-დემარატა, დეანი, ტარერო, დონ-ლოპე და სხვ.; მუზეუმები – სარაგოსის, სარაგოსის ეპარქიული, პაბლო გორგალიოს, პილარის, გობელენების, სამხატვრო, მხარეთმცოდნეობის, პაბლო სერანოს, კამონ ასნარის, პალეონტოლოგიური, ეთნოგრაფიული, კერამიკის, ცეცხლისა და ალის, სამხედრო აკადემიის და სხვ.; ისტორიის ცენტრი; ქვის ხიდი მდინარე ებროზე (XV საუკუნე); არაგონის საიმპერატორო არხი; საკონცერტო დარბაზი „Auditorio de Zaragoza“; სარაგოსის აკვარიუმი, აკვაპარკები – მეტროპოლიტენი და ლუის ბუნიუელის; ბუნებრივი პარკები – „Galacho Juslibol“ და „Galachola Alfranca“; პ„არკი Grande“; მდინარე ებროს სანაპირო და სხვ.