ალპბახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალპბახი

ალპბახი – (ინგლ. Alpbach, რუს. Альпбах) – კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი დასავლეთ ავსტრიაში, ტიროლში, კუფშტაინის ოლქში, ქ. ინსბრუკიდან 46, ხოლო ქ. ინსბრუკის აეროპორტიდან 60 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. წარმოადგენს ალპბახტალის სამთო-სათხილამურო რეგიონის კურორტს და შედის სკაი-პასის ერთიან ზონაში – Kitzbuhel Alpe all Star Card-ში. მდებარეობს ტიროლის მთებში, პლატოზე (ალპბახის ველი), ზღვის დონიდან 1500 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. ზაფხული გრილია და წვიმიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1291 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (512 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (185 მმ). ამავე დროს, ნალექების მაქსიმუმი მოდის აგვისტოზე (169 მმ), ხოლო მინიმუმი – დეკემბერზე (54 მმ).

ალპბახის ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხის, იფნის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოებში გვხვდება აღნიშნული მცენარეების შერეული ტყის მასივები. აქა-იქ აგრეთვე გვხდება გაველიანებული მდელოები, რომელიც ლანდშაფტს ტყე-სტეპის იერს აძლევს.

ალპბახის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მსუბუქი აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ალპბახის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ალპბახში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა, სეირნობა ძაღლებიანი მარხილითა და სამთო ველოსიპედებით, სიარული ავტომანქანით ყინულზე და სხვ.; ფრენა პარაპლანებით, დელტაპლანებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; რაქიტი; ცენტრალური ნერვული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალპბახსა და მის მიდამოებში (ალპბახის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1720 წელი); საერთაშორისო მნიშვნელობის კონგრეს-ცენტრი „ალპბახი“ (XX საუკუნის დასასრული) – უნიკალური შენობა შუშის სახურავით და სხვ.), ალპბახის მიდამოებში (ალპური ფერმერობის მუზეუმი (ფუნქციონირებს 1975 წლიდან სოფელ ინერალპბახში, 1638 წლიდან არსებულ ფერმა „Vorder-Unterberg“-ის ბაზაზე); ვედერსბერგერხორნის მთა და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები