ამაშუკელი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამაშუკელი რევაზ – (1936-2022), ქართველი პოეტი, დაიბადა ქუთაისში. 1960 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი („ლექსები”, „ზედაზნის მთვარე”, „შენდამი”, „მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს”, „ტირისკონი”, „აკმე”).
- კახეთში
- ცა წყნარად ღუის საყვარელ ფერში
- მწიფე და მძიმე ატმის ტოტებით.
- ახლა მზე ჩადის შორეულ მთებში
- და უსათუოდ შენ მაგონდები!
- დალურჯებული ტუჩები ღვინით,
- ჩუმად ჰკოცნიან ჯამებს ცარიელს
- და დალოცვილი კახური ლხინი
- მიჰყვება კახურ მრავალჟამიერს.
- თამადა ახალ სიყვარულს გვაწვდის,
- დგას დაბალ დვრინში როხროხი კაცთა;
- ვივუარე და ვეება ყანწი
- დამიზნებული თოფივით ამცდა.
- მოდის სიმთვრალე თან ეს ოხერი
- შავი მტევნები რარიგ მენება!...
- შემომახტება როგორც ფოცხვერი,
- დარდიან გულზე შენი ხსენება.
- ო, როგორ მინდა ამ გაშლილ სუფრას
- შენი ლამაზი თვალი შვენოდეს,
- შეიფერებდი ყველაზე უფრო
- ამ უდარებელ კახურ შემოდეგს.
- დალურჯებული ტუჩები ღვინით,
- ისევ კოცნიან ჯამებს ცარიელს,
- და დალოცვილი კახური ლხინი
- მიყვება კახურ მრავალჟამიერს...