არასაძიხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასაძიხი – (ინგლ. Arasadzikhy, რუს. Арасадзихи), კლიმატურ-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ქ. ოჩამჩირიდან 13 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მოქვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.

ჰავა – ზღვისპირა სუბტროპიკული, ნოტიო. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4°ჩ. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპე- რატურაა 23°ჩ. Hჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,4°C. ნალექების წლიური რაოდენობა 1300 მმ-ია. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე, ხოლო მინიმუმი − გაზაფხულზე.

არასაძიხში გავრცელებულია: ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები, ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი, ფეიხოა და სხვ.) და ვენახები. აღნიშნული მცენარეულობის გარდა, არასაძიხის მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება: ქაცვი, იალღუნი და ლაფნიან-მურყნიანები, მარადმწვანე და ფოთლოვანი ბუჩქნარების ქვეტყე.

არასაძიხის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მაღალი მინერალიზაციის (M-16,6-24,1 გ/დმ3) მეთანიანი, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები. არსებობს ამ წყლების ორი გამოსავალი(ერთი წყარო და ერთი ჭაბურღილი).

არასაძიხის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია: მინერალური წყლების აბაზანები და შესხურებები ამ წყლით; პასიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები.

სავარაუდო ჩვენებები არასაძიხში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ- სასქესო ორგანოების პათოლოგიები.

ტურისტული ობიექტები:

არასაძახისსა და მის მიდამოებში (მოქვის ტაძარი (აშენდა X საუკუნეში, გადაკეთებულია XIX საუკუნეში); ბედიის მონასტერი (ტაძარი აშენდა X-XI საუკუნეებში, განახლებულია XIII-XIV საუკუნეებში), ილორის დიდმოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის ეკლესია (XI საუკუნე); აძუბჟის ეკლესია (XIII საუკუნე); აბააჟვახუს ციხე-კოშკი; აბრსკილის მღვიმე და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია [კატეგორია:კურორტები აფხაზეთში]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები