არქელაოს I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქელაოს I – (ძვ. ბერძნ. Άρχέλαος, ძვ. წ. 419-399 წწ.), მაკედონიის მეფე. მან ხელისუფლება მაკედონიის სამეფო გვირგვინის მაძიებელი ნათესავების დახოცვით განიმტკიცა. არქელაოს I-მა მაკედონიაში ძლიერი სიმაგრეები ააგო, გზები გაიყვანა, კარგად შეიარაღებული მუდმივი ცხენოსანი ლაშქარი ჩამოაყალიბა და მთიან ადგილას მდებარე სატახტო ქალაქი ეგინადან პელაში გადაიტანა, რომელიც მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა. ამ ერთმა ადამიანმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მაკედონიის წინამორბედმა რვა მეფემ ერთად.

ბერძნული კულტურის დიდი პატივისმცემელი არქელაოსი თავისთან იწვევდა მის წარმომადგენლებს – მხატვარ ზევკისს, პოეტს და მოქანდაკეს ტიმოთეოსს, ტრაგიკოს ევრიპიდეს, რომელმაც რამდენიმე ტრაგედია დაწერა მაკედონიურ სიუჟეტზე: „ბაკხი ქალები“, „მეფე არქელაოსი“ და სხვები. არქელაოსი აგრძელებდა მაკედონიის გაერთიანების საქმეს. მის სამეფოს სტუმრობდნენ მაკედონიის დამოუკიდებელი სამეფოების მთავრები. ვერცხლის ფულის გარდა, მან სპილენძის ფულის მოჭრაც დაიწყო. თესალიელებს ქალაქი ლარისა წაართვა და მაკედონიას შეუერთა.


წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები