ბალარჯიშვილი ბაადურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალარჯიშვილი ბაადურ – (1946 – 2012), ქართველი პოეტი და სცენარისტი. დაიბადა თელავში, დაამთავრა თელავის მე-2 საშუალო სკოლა, 1970 წელს კი - თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „თელავის ჭადარი”, „მდინარე”, „კიპარისები”. პოეზიის გარდა სცენარების წერითაც იყო დაკავებული. სცენარის ავტორია ფილმებისა: „ნისლი” (1985), „ხარება და გოგია” (1987), „მარტივი პასიანსი” (1990).
- ზამთრის დამდეგი თელავში
- შემოდგომა ბინდიანი ქუჩებით
- მიბარბაცებს – დრო დამდგარა წასვლისა –
- მიდის ზანტად, ბედსაც არ ეურჩება:
- ასეთია უფლის ნება, რას იზამ?!...
- ცივმა ცივად შეუბერა შორიდან,
- წარიხვეტნენ შარიშურა ფოთლები,
- მორს დაასვეს დასახეთქად სოლი და
- შეშა მიაქვთ საარყისკენ გოდრებით.
- წალმის ღადარს სუკის მწვადი ელაგა,
- თონის პურის სუნი ბოლს შერევია,
- გუდის ყველი ნირს აძლევდა ბარაქას _
- ნივრის მწნილიც ფრიად სასურველია.
- ნოემბერი ილეოდა ჟინჟღლებით,
- საფერავმა წვერი თეთრი დაღარა,
- იყო თხოვნა: დიდხანს ნუ დავიშლებით,
- ცოტა დაგვრჩა, უკვე ბევრი აღარა.
- ეჰ, რამდენჯერ თავს დოლაბი გვაბრუნეს,
- და ყველაფერს კვლავ თავიდან ვიწყებდით,
- ჭირსა შიგან გამაგრება რომ უნდა,
- აბა, ამას როგორ დავივიწყებდით.
- მტერი ჩვენ ვერ მოგვერევა ვეროდეს:
- საქართველოს – იმიერ და ამიერ,
- მხრებზე ხელგადახვეულნი ვმღეროდით
- წინწყაროს და მერე მრავალჟამიერს.
- ალბათ, უკვე გაგვითხრიან სამარეს,
- წააწერენ ქვაზე ეპიტაფიას:
- ის, ვინც საფლავს დაეძებდა თამარის,
- იმავ მიწას, სადღაც იქვე მარხია.
- თქვენთან ვარ და აქვე ვრჩები, ძმაკაცნო,
- და ვიქნები დღე-ყოველიცისმარი,
- ერთმანეთი საქართველომ გაგვაცნო,
- ერთად ვნახოთ წუთისოფლის სიზმარი.