გამეორება (პოეზიაში)
გამეორება – პოეტური ფიგურის სახეობა, შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით სიტყვების, გამოთქმების გამეორება:
დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!
- (გ. ტაბიძე).
სიტყვა თუ გამოთქმა შეიძლება მეორდებოდეს წინადადებათა ან ტაეპთა დასაწყისში (ანაფორა), ბოლოს (ეპიფორა), ან ერთმანეთთან აკავშირებდეს ერთი წინადადების ან ტაეპის დასასრულსა და მეორის დასაწყისს. ამ უკანასკნელის ნიმუშია:
სამარადისო ძეგლს აგიგებ, დარჩი ნუ მიხვალ!
დარჩი,ნუ მიხვალ! გევედრები ლოცვით, კურთხევით.
გამეორება სულიერი მღელვარების გამომხატველიცაა, რაც ხშირად იჩენს თავს პერსონაჟთა მეტყველებაშიც:
– რას აპირებ მერე? რას აპირებ? — ეკითხებოდა გაფაფიცებული სოლომანი,
– ვარი უნდა ვუთხრა მაგ საქმეზე. თუ რომ...
– თუ რომ რაი?.. თუ რომ რაი?
– თუ რომ არ დამიკლო...
– თუ რომ არ დაგიკლო?! –– კინღამ იყვირა სოლომანმა, – თუ რომ არ დაგიკლო?!
გამეორება ემოციურ-შემეცნებითი ფუნქციათა მთლიანობით ხასიათდება. ამიტომ მწერალი ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს იმეორებს, რომლებიც ფრაზის აზრობრივი და ემოციური დატვირთვის დასაყრდენს წარმოადგენენ. გ. ტაბიძის ლექსში „ქარი ქრის, გადმოცემულია მძიმე განსაცდელის ჟამს საშინელ მარტოობაში მყოფი ადამიანის განწყობილება, რის გამო მეორდება გამოთქმები: „ქარი ქრის“ და „სადა ხარ“.