გასვიანი ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა გასვიანი

გასვიანი ნანა – (1965), პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ცაგერში. დაამთავრა ქუთაისის 33-ე საშუალო სკოლა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა საქალაქო გაზეთ „ქუთაისში.“ შემდგომ იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში (ჟურნალები: „განთიადი“, „მნათობი“, „ლიტერატურული გაზეთი“ და სხვ.) 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისში დააფუძნა ხელოვანთა კავშირი „მარიოტა“, რომლის პრეზიდენტია 2001 წლიდან. იყო ამ კავშირის სალიტერატურო ჟურნალის „ი/ა“ რედაქტორი. ავტორია პოეტური კრებულებისა: „მებოძირი” (2006) და „რაც მზის წინ იყო“ (2017); არის საბავშვო ლექსების კრებულის „ლილე“ თანაავტორი და რედაქტორი, 1980-90-იანი წლების ქუთაისის ლიტერატურული თაობების ანთოლოგიის თანაშემდგენელი და რედაქტორი. თარგმნილი აქვს მილან კუნდერას, ხორსე ლუის ბორხესის, ვლადიმერ ნაბოკოვისა და სხვათა ნაწარმოებები, რომლებიც დაბეჭდილია ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.


ძახილი
ეჰეი!.. ვყვირი გალაქტიკების თქორში,
სად ხარ! –
მოვარწევ კვაზივარსკვლავურ ბორანს
და პლანეტების ევდემონიზმურ ქოშინს,
ქორონიკონი გლახის კვარივით ბოლავს.
სად ხარ! –
მოვდენი ცაზე ცეცხლოვან ვერძებს,
მიწას მთოვარის ჭუტი ციაგი კალავს,
დალიონების შარავანდედში მეძებ,
მარგალიტების მთებშუა მიშლი კარავს.
დამბადებელო, რისთვის კეისრის წილი?
კაფავ და ჩეხავ ჩემი სიზმრების ახოს,
იქნებ მოხვიდე გზააბნეული მწირი
და ერთხელ ჩემი წყალდიდობები ნახო.
პატრიარქალურს დაგახვედრებდი საფარს,
ბამბუკის ქოხს და ქოხთან ვენერას ტბორებს,
დროის ცხენების ჩაფრენილი ხარ ფაფარს
და გზებზე სისხლის ედელვაისებს ტოვებ.
მე კი – ეჰეი!.. გალაქტიკების მიღმა
ისევ გიხმობ და მოვერეკები აწმყოს
და რიგრიგობით ყველა მიწიერ ნიღაბს
მდუმარედ ვიხდი
და შენს ფეხებთან ვაწყობ.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები