გედევანიშვილი იოსებ
გედევანიშვილი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე - (02.01.1872 - 1939) - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილისა და პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის ძმა.
1905-1923 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1905-1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე, რის გამოც კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა რუსეთის არმიიდან. იგი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაციაში. 1916 წლის შემოდგომაზე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატ დ. ვაჩნაძის ბინაში, ნ. ჟორდანიასთან, მ. წერეთელთან, ე. გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად, თათბირს, რომელზეც პარტიათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელსაყრელ ვითარებაში გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართული საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაინიშნა კორპუსის შტაბის უფროსად. 1918 წლის დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე. წ. „პარტიზანული რაზმის“ მეთაურია. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის ბოლოს ის მეორე ქართული ეროვნული ბრიგადის უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. ი. გედევანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან. 1919 წლის მარტიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია. 1918 წლის აგვისტოდან საქართველოს სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წლებში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი, ხოლო 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა საქართველოში. მალევე შეეგუა საქართველოს ბოლშევიკურ მმართველობას.(ლელა სარალიძე)
1922-1926 წლებში მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში. 1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოსვლებისათვის. შედიოდა ,,გაერთიანებულ სამხედრო ცენტრში“, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.
1924 წლიდან ხდება კომუნისტური პარტიის წევრი და მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე. 1923-1926 წლებში იყო სამხედრო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე. 1926 წელს პენსიაზე გავიდა.
1926-1928 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის დირექტორად. 1928- 1929 წლებში იყო ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული.
1929-1939 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილედ. სახელი გაითქვა როგორც დრამატურგმა და პუბლიცისტმა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1908 წელს, ციხეში ყოფნის დროს. ავტორია რიგი პიესებისა, რომლებიც შევიდა XX საუკუნის დასაწყისის ქართული თეატრების რეპერტუარში. ცნობილი გახდა როგორც XX საუკუნის ქართული სოციალური დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ციხეში მან დაწერა პიესა ,,მსხვერპლი“ (რომელიც აკრძალული იყო მეფის მთავრობის მიერ) და არ ჩამოდიოდა სცენიდან პირველი დადგმიდან 1911 წელს, ვიდრე 1931 წლამდე. ავტორია პოპულარული დრამებისა ,,მოღალატე“ (1912 წ.), ,,სინათლე“ (1914 წ.), ,,ოჯახი“ (1916 წ.) და რიგი მოთხრობებისა. ავტორია სამხედრო-ისტორიული ხასიათის შრომებისა ,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“ (1915 წ.), „მოთხრობათა კრებული“ (1927 წ.) და „სამხედრო ხელოვნება „ვეფხისტყაოსანში“ (1939 წ.).
გარდაიცვალა 1939 წელს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ტერიტორიაზე.
ლიტერატურა
- ა, ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლები), თბ., 2014;
- ლ. დოლიძე, გენერლები საქართველოდან, თბ., 2003;
- გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 2003;
- მ. გოგიტიძე, სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2015.
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები
- ქართველი სარდლები
- ქართველი გენერლები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ქართველი მწერლები
- ქართველი დრამატურგები
- გედევანიშვილები