გველანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველანა — Gobitis taenia

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ხლაკუნასებრნი
გვარი: გველანა

თევზის სახეობა გველანების გვარისა. მალების რაოდენობა მერყეობს 40-46-მდე. სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, მაგრამ მისი სისქე მეტად ცვალებადია. სხეულის სიმაღლე 6-8-ჯერ თავსდება მის სიგრძეში (კუდის ჩაუთვლელად), მაგრამ გვხვდება უფრო მოგრძო სიმაღლე მის სიგრძეში თითქმის 10-ჯერ თავსდება და აგრეთვე ხასიათდება მაღალი სხეულით. ულვაშები მოკლეა. მათ შორის ყველაზე გრძელი ულვაში თვალის წინა კიდის ვერტიკალამდე, ან თვალის შუამდე აღწევს. ქვედა ტუჩი ორლაპოტიანია და თითოეული მათგანი თავის მხრივ კიდევ ორ პატარა ლაპოტად იყოფა, რომლებსაც ზოგჯერ მოკლე ულვაშის ფორმა აქვს. წინა ნესტოები მოკლე მილაკების სახითაა წამოზრდილი. თვალის ქვედა ქიცვი ზოგჯერ კანშია ჩამალული. ქერცლები კრამიტისნაირადაა განლაგებული.

ძირითადად ღია ყვითელი ფერისაა. სხეულის გვერდებზე (10–18) მოზრდილი ოთხკუთხედის ან მომრგვალო ლაქების რიგია, ზოგჯერ ეს ლაქები ერთმანეთს უახლოვდება და მთლიანი ზოლების სახით მოჩანს. სხეულის გვერდებზე ამ ლაქების ზემოთ არასწორი მურა წინწკლები გასდევს, რომელთა შორის ზოგჯერ უფრო მოზრდილი ლაქების გასწვრივი რიგი გამოირჩევა. ზურგზე მსხვილი რუხი ლაქები გასდევს. კუდის ფარფლის ფუძის ზემოთ მუქი ლაქა აქვს (ზოგჯერ არ შეიმჩნევა), ზოგჯერ კუდის ფარფლის ფუძესთან ორი ლაქა მოეპოვება, რომლებიც ერთიმეორის ზემოთ აქვს. დინგის წვეროდან თვალამდე მუქი ვიწრო ზოლი მიჰყვება. ზურგის და კუდის ფარფლებზე მუქი წინწკლების რიგებია განლაგებული. შეფერილობის სიმკვეთრე მეტად ცვალებადია. სიგრძით 95-115 მილიმეტრამდე აღწევს, იშვიათი გამონაკლისის სახით კი − 135 მილიმეტრამდეც გვხვდება.

ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, მცირე აზიაში, იაპონიაში, კორეაში, ყირიმში, ამიერკავკასიაში. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ჭოროხის აუზში, ნურიის ტბაში, მდინარე ნატანებში, რიონში, ბიჭვინთაში, სოხუმში, მდ. მაჩარაში,. მდ. კოდორში და სხვ. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელებულია მტკვრისა და არეზის დაბლა წელში, სეფიდ-რუდში.

ბიოლოგია

ტოფობა მარტ-აპრილში ხდება, რისთვისაც უმთავრესად წყნარ ან დამდგარ წყალს ირჩევს. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია ზურგის ფარფლის მეორე სხივის გამსხვილებაში (მილებში).

გველანები დიდი რაოდენობითაა ნაპოვნია მდ მაჭარის შესართავიდან ერთი კილომეტრის დაშორებით. აქ, მდინარის მოწყვეტილ ტბისებურ გუბეში მრავალი პატარა და ზრდასრული ფორმა იქნა მოპოვებული. ამ ადგილში ისინი ტოფობას ეწევიან. გველანები მოპოვებული იქნა მდ. მაჭარის ქვიშიან ფსკერზე. ისინი ამ ფონზე ძნელი შესამჩნევია და, რაც მთავარია, საფრთხისას მაშინვე ბურღისებური მოძრაობით თავით ქვიშაში (სილაში) ეფლობიან. მრავალი ეგზემპლარი იქნა ნაპოვნი აგრეთვე მდ. კოდორის შენაკადებში.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები