დიალექტური ლექსიკონი
დიალექტური ლექსიკონი − ლექსიკონი, რომელშიც თავმოყრილია და განმარტებულია დიალექტის ლექსიკური მარაგი. თავისი ხასიათით დიალექტური ლექსიკონი განმარტებითი ლექსიკონების ტიპს განეკუთვნება. იმისდა მიხედვით, თუ დიალექტური მეტყველების რა არეალს მოიცავს, დიალექტური ლექსიკონი შეიძლება იყოს კრებსითი ან რეგიონალური. კრებსით დიალექტური ლექსიკონში შედის მოცემული ენის გავრცელების ტერიტორიის დიალექტური მეტყველების მთლიანი მარაგი, რეგიონალურ დიალექტური ლექსიკონში კი – ერთი ეთნოგრაფიული კუთხის, ერთი დიალექტის ლექსიკური მარაგი.
სალექსიკონო მასალის შერჩევის ხასიათის მიხედვით დიალექტური ლექსიკონი შეიძლება იყოს დიფერენციული
ან სრული. დიფერენციული ლექსიკონი შეიცავს მხოლოდ იმ ლექსიკურ ერთეულებს, რაც სპეციფიკურია მოცემული დიალექტის სიტყვიერი მარაგისათვის., ე. ი. განსხვავებულია სალიტერატურო ენის ლექსიკისაგან. აქ შემოვა შემდეგი ლექსიკური ერთეულები:
ა) სიტყვა, რომელიც სალიტერატურო ენაში არ არის და დიალექტში არის (თუშ. გორდილა);
ბ) სალიტერატურო ენაში არის, მაგრამ იქ სხვა მნიშვნელობა აქვს, დიალექტში კი – სხვა (თუშ. მონა – ცუდი);
გ) პოლისემიური სიტყვა, რომელიც მნიშვნელობათა ერთი ნაწილით ემთხვევა სალიტერატუროს, მეორე ნაწილით განსხვავდება (გადგომა, ფრაზეოლოგიური განზე გადგომა – თუშურში, ლიტერატურულისაგან განსხვავებით, ღალატის მნიშვნელობა არ გააჩნია. სამაგიეროდ, იქ სხვა დამატებითი მნიშვნელობა აქვს: მოწინააღმდეგეთა პირისპირ დგომისას ხელსაყრელი საბრძოლო პოზიციის დაკავება);
დ) სიტყვა, რომელიც სალიტერატუროში მონოსემიურია, დიალექტში – პოლისემიური და სემანტიკური მოცულობა ერთი ან რამდენიმე მნიშვნელობით მეტია (განსხვავებას ქართლურში, სალიტერატუროსთან
ერთად, აქვს კიდევ ორი მნიშვნელობა: გადასახლება და გარდაცვალება).
სრული დიალექტური ლექსიკონი მოიცავს დიალექტის მთელ სიტყვიერ მარაგს, როგორც სალიტერატურო ენასთან საზიაროს, ისე მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელს, დიალექტურ ლექსიკონში, გარდა წმინდა ლექსიკური განმარტებისა, მოცემულია აგრეთეე ენციკლოპედიური ცნობები.
დიალექტური ლექსიკონების შედგენა საქართველოში იწყება მეცნიერული დიალექტოლოგიის შექმნის პარალელურად – XX ს. 10-იანი წლებიდან. დღემდე შედგენილი დიალექტური ლექსიკონები ძირითადად დიფერენციული ხასიათისაა – მეტ-ნაკლები სისრულით ასახავენ მხოლოდ დიალექტების ლექსიკურ თავისებურებებს. 1912 გამოვიდა ვუკ. ბერიძის „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“. ეს იყო ქართული ენის პირველი დიალექტური ლექსიკონი. მას შემდეგ, განსაკუთრებით 40-იანი წლებიდან, ფართოდ გაიშალა მუშაობა დიალექტების ლექსიკური მასალის შესაგროვებლად, რასაც ითვალისწინებდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოები. დღემდე გამოცემულია ლექსიკოგრაფიულად გამართული რამდენიმე დიალექტური ლექსიკონი: გ. შარაშიძე, „გურული ლექსიკონი“, ბ. წერეთელი, „იმერული ლექსიკონი“, მ. ალავიძე, „ლეჩხუმური ლექსიკონი“; ს. მენთეშაშვილი, „ქიზიყური ლექსიკონი“; პ. ხუბუტია, „თუშური კილო, ლექსიკა”; ა. ჭინჭარაული, ვაჟა-ფშაველას „მცირე ლექსიკონი“; შ. ნიჟარაძე, „ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა“; ქ. ძოწენიძე, „ზემოიმერული ლექსიკონი“; პ. გაჩეჩილაძე, იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა; პ. ჯაჯანიძე, გურული დიალექტი, ტექსტები, ლექსიკონის მასალები; ნ. როსტიაშვილი, ინგილოური ლექსიკონი; თ. ბეროზაშვილი, მ. მესხიშვილი, ლ. ნოზაძე, „ქართლური ლექსიკონი“; ა. კობახიძე, „რაჭული დიალექტის ლექსიკონი”; რ. ღამბაშიძე, „ქართული ენის ინგილოური დიალექტის ლექსიკონი“; გამოიცა ა. ღლონტის მიერ შედგენილი კრებსითი დიალექტური ლექსიკონი – „ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა” (ორ ტომად).
გ. ცოცანიძე