დონბეთირი
დონბეთირ-ი (ოს. Донбеттыр) – წყლის საუფლოს მბრძანებელი ოსური ნართული ეპოსის მიხედვით; წარმოდგენილია მრისხანე მამაკაცის სახით, ჰყავს ქალიშვილები, რომლებთანაც ერთად ცხოვრობს წყალქვეშა მდიდრულ სასახლეში. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ნართებთან. დონბეთირის ქალიშვილი – ძერასა (ნართი ახსართაგის ცოლი) სახელოვანი ნართების – ურუზმაგის, ხამიცის, სათანას, ზოგი გადმოცემით, სირდონის დედაა. ამიტომაც ნართები მისი ხშირი და ხანგრძლივი სტუმრები არიან (მასთან იზრდებიან ბათრაძი და ურუზმაგის ვაჟები).
ოსური მითოლოგიით, დონბეთირი არის თევზების მფარველი ღვთაება, რომლის სახელობაზე ჩრდილოეთ ოსეთში დღეობაც (ქუვდიც) კი იმართებოდა. ოსებმა იცოდნენ ასევე ტბებსა და მდინარეებში მცხოვრები მისი ქალიშვილების დღესასწდონისაულის გამართვა აღდგომის კვირის შემდგომ შაბათს, თაყვანს სცემდნენ ახალი წლის დღეებში („დონისქაფანი“). ღვთაების სახელი Дон-Беттыр კომპოზიტია, რომლის პირველი ნაწილი (Дон) ოსურ ენაში „წყალს“ ნიშნავს, ხოლო მეორე – Беттыр უკავშირდება წმ. პეტრე მოციქულის სახელს (სახელი „პეტრე“ ოსებში Беттыр ფორმით დასტურდება). მეთევზე პეტრე, რომელიც ბერძნული ხალხური თქმულებებით მეზღვაურთა მფარველადაც ითვლებოდა, ოსებში წყლის სტიქიასთან იქნა დაკავშირებული. უნდა ითქვას, რომ ღვთაება, რომელსაც დონბეთირის სახელით ქრისტიანული წმინდანი ჩაენაცვლა აშკარად ძალზე ძველი მითოლოგიური სახეა. სხვაგვარად ძნელია აიხსნას ასეთი პოპულარული და მონუმენტური მითოლოგიური და ფოლკლორული პერსონაჟის არსებობა. იგი ისეთივე არქაული ჩანს, როგორც თავად ნართული ეპოსის უძველესი პლასტები.
ლიტერატურა
- Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948;
- Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992. Ч. 2;
- Абаев В. И. Как апостол Пётр стал Нептуном // Избранные труды. Владикавказ, 1990. Т. I;
- Чибиров Л. А. Древние культы // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.