ძერასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძერასა (ოს. Дзрессæ) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, წყალთა უფლის – დონბეთირის მზეთუნახავი ასული, ახსართაგის ცოლი (მოგვიანებით ახსართაგის მამის – ვარხაგის ცოლი), სახელოვანი ნართების – ურიზმაგის, ხამიცის, სირდონისა და სათანას დედა. ეპოსში იგი გვევლინება, როგორც ნართების, უფრო ზუსტად ახსართაგათების გვარის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ეპოსის მიხედვით, ნართების ბაღის შუაგულში მდგარ ვაშლის ხის ნაყოფს სამი გვრიტი იპარავს. დადარაჯებული ახსართაგი ერთ-ერთს დაჭრის და სისხლის კვალი ზღვისქვეშა სასახლეში მიიყვანს; დაჭრილი გვრიტი დონბეთირის პირმშვენიერი ქალიშვილი – ძერასა აღმოჩნდება და ცოლად ირთავს მას. ძერასას ახსართაგისგან ტყუპი ვაჟები – ურიზმაგი და ხამიცი უჩნდება. მოგვიანებით წყაროზე გასულ ძერასას მდინარის ღვთაება გათაგი შეუჩნდება და ნართების ჭირად გაჩენილ სირდონს შობს. ქალის სილამაზით დატყვევებული ვასთირჯი, რაკი ვერაფრით ახერხებს ცოცხალი ძერასას შეცდენას, გარდაცვლილს ნაბდის მათრახით აცოცხლებს, საწადელს აისრულებს და კვლავ მიცვალებულად აქცევს. ასე აჩენს მკვდარი ძერასა სახელოვან ნართ ქალს – სათანას.

როგორც ჩანს, ნართული ეპოსი ვერც ძერასას შემთხვევაში აცდა მონღოლური ეპოსის (ჩინგიზ-ხანის წარმომავლობის შესახებ ლეგენდის) ზეგავლენას. ნართოლოგები ძერასას პერსონაჟის პროტოტიპებად მონღოლურ ეპიკურ გმირ-ქალებს – ალან-გოასა და ჯარჩიუტს მიიჩნევენ (ტ. გურიევის ლინგვისტური ანალიზით „ძერასა“, ოსური ენის კანონზომიერებათა დაცვით, მიღებულია „ჯარჩიუტი || ჯერჩიუტი“ სახელიდან).


ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. М., 1881. Ч. I;
  • Абаев В. И. Нартовский эпос // ИСОНИИ. Т. X. Вып. I. Дзауджикау, 1945;
  • Гуриев Т. А. К проблеме генезиса осетинского нартовского эроса. Орджоникидзе, 1971;
  • მისივე, Антропонимия осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1981;
  • მისივე, Проблемы Нартиады. Орджоникидзе, 1982;
  • მისივე, Об одном спорном вопросе в нартиаде // IV Миллеровские чтения с международным участием. Материалы научной конференции 11-12 ноября 2014 г. Владикавказ, 2014.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები