ვარხაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარხაგ-ი (ოს. Уæрхæг) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართების პირველწინაპარი, უფრო ზუსტად ნართების უმთავრესი გვარის – ახსართაგათას ფუძემდებელი, საინაგ-ალდარის ასულის – საინაგონის ქმარი, ტყუპი ვაჟების – ახსარისა და ახსართაგის (დიგორულ ვარიანტებში ახსნართისა და ახსნართაგის) მამა; ზოგიერთი გადმოცემით, ჰყავს დაბერებული ცალთვალა და, რომელიც წითელ ხეობაში ტბისპირას მდგარ კარავში ცხოვრობს თავის ქმართან – „მზის თანამესუფრესთან“ ერთად.

ვარხაგს ვაჟები ცისკრის ვარსკვლავის – ბონვარნონის ამოსვლამდე შეეძინა. ტყუპების დაბადებით უზომოდ გახარებულმა მამამ წვეულება სულ ნადირის ხორცით გამართა; დაპატიჟა ზეციური მჭედელი – ქურდალაგონი, ზღვის სიღრმეთა მბრძანებელი – დონბეთირი, სიმამრი – საინაგ-ალდარი, სახელოვანი ნართები ბორასა და ალიმბეგის მეთაურობით. ქურდალაგონმა ვარხაგის შვილებს სახელები დაარქვა და მამას ზეციურ სამჭედლოში ციური ფოლადისაგან – ფატიგისაგან გამოჭედილი ჯადოსნური სალამური უსახსოვრა. კვირიდან კვირამდე იქეიფეს სტუმრებმა და დაიშალნენ. მოგვიანებით, ვაჟების გაუჩინარების შემდეგ, უკვე დაბერებული ვარხაგი ისე დაჩაჩანაკდა, რომ იგი ნართებმა მწყემსად დაიყენეს. მხოლოდ შვილიშვილებმა – ურუზმაგმა და ხამიცმა მოიკითხეს იგი, სახლში წამოიყვანეს და თავიანთი დედა, ვარხაგის უმცროსი ვაჟის – ახსართაგის ქვრივი – ძერასა შერთეს ცოლად (ამ ეპიზოდში იკვეთება ოსებში მოქმედი ლევირატის წესი). ქორწინების წლისთავზე ვარხაგი გარდაიცვალა ისე, რომ შვილი არ შესძენია.

სახელი Уæрхæг, ვ. აბაევის მიხედვით, ნაწარმოებია *уæрг-, *уæрх- „მგელი“ სიტყვიდან, რომელიც ირანულ *ყარკა („მგელი“) ფორმას უკავშირდება. *уæрг-, *уæрх- ძირები, მისივე აზრით, შემორჩენილია მხოლოდ ნართული ეპოსის პერსონაჟთა სახელებში. ეს არის საკუთრივ Уæрх-аг, Уæрх-танæг და Уæрг-он („ქურდალაგონი“). „მგლის“ აღმნიშვნელი ძველი ოსური (ალანური) სიტყვა *уæрг-, *уæрх- ჩვეულებრივი ხმარებიდან ტოტემური ცხოველის სახელის ტაბუაციის შედეგად ამოვარდა და შეიცვალა ნასესხები ტერმინით бирæгъ. აღნიშნულ მოსაზრებას მხარს უჭერს, ერთი მხრივ, ვარხაგის (მგლის) ტყუპი ვაჟების – ახსარისა და ახსართაგის, ხოლო მეორე მხრივ ძუ მგლის მიერ ნაკვები ტყუპების – რომულისა და რემის ლეგენდების შედარებითი ანალიზი. როგორც ჩანს, ოსური (ალანური) და რომაული გადმოცემები, თავიანთი გენეზისით, ერთიდაიგივე ტოტემისტური მითის ორ ვარიანტს წარმოადგენენ (თავდაპირველ ბირთვში საუბარი უნდა ყოფილიყო ხალხის, ტომის წარმოშობაზე ტოტემური ცხოველისაგან, ე. ი. მგლისაგან: ოსურ ვარიანტში, პირველწინაპარი – მგელი გადაიქცა ადამიანად, რომლის სახელია „მგელი“, რომაულში კი, მართალია, ტყუპები ადამიანური წყვილისგან გაჩნდნენ, მაგრამ ძუ მგლის მიერ არიან ნაკვებნი). ზემოაღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ნართული ეპოსის ეს ეპიზოდი არამცდაარმც არ შექმნილა კავკასიურ გარემოში.


ლიტერატურა

  • Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. 4. Л., 1989;
  • Таказов Ф. М. Архетипы культурного героя в осетинской мифологии // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები