ენობრივი კლიშე
ენობრივი კლიშე – (ფრანგ. cliche – სტანდარტული რელიეფური გამოსახულება სერიული ანაბეჭდების მისაღებად), ენათმეცნიერული სამეტყველო სტერეოტიპი, სიტყვა ან მზამზარეული მყარი გამონათქვამი, რომელიც წარმოიქმნება სპეციალური (დარგობრივი) ენების სტანდარტიზაციის მოთხოვნით და აქტიურ როლს ასრულებს ერთი ან რამდენიმე ფუნქციური სტილის ფარგლებში.
კლიშედ შეიძლება მივიჩნიოთ ნებისმიერი მოარული ენობრივი ფორმულა, დაწყებული ერთი სიტყვით და დამთავრებული ფრაზით, რომელსაც შესაბამისი (სპეციალური) ტექსტის აგებაში საკვანძო კონსტრუქციული (სტილისტიკური) ფუნქცია ეკისრება. ამგვარ ერთეულებს ზოგჯერ გარკვეული ეპოქის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ბეჭედიც აზის და შესაბამისი ვითარების ცვლილებასთან ერთად თმობს ასპარეზს. მაგ. თუ წინა სოციალური წყობის პირობებში ერთგვარი კლიშეს ფუნქცია შეიძინა სიტყვამ ფორუმი (აგრარიკოსთა ფორუმი, მწველავთა ფორუმი და მისთ, დღეს ამგვარი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვამ სამიტი, რომელმაც თანამედროვე მასმედიაში თითქმის მთლიანად შეცვალა სიტყვა შეხვედრა სახელმწიფოთა ურთიერთობის დონეზე. ასეთივე გავრცელებისაა გარკვეული შინაარსობრივი დატვირთვის შესიტყვებები: ხალხის ნება, მოქალაქეობრივი შეგნება, პოლიტიკური შოუ, ხავერდოვანი გადატრიალება და მრავალი სხვ.
კლიშეს მოვლენა უპირველესად საინტერესოა როგორც კონსტრუქციული ელემენტი გარკვეული სპეციალური ენის (ენების) ჩამოყალიბების პროცესში. ამგვარ ენებში რაციონალური და მშრალი საკომუნიკაციო ამოცანების გადასაწყვეტად დიდი ადგილი უკავია მზა ფორმულებს, სტერეოტიპულ ფრაზებს. ასე მკვიდრდება ოფიციალურ-საქმიან, სამეცნიერო თუ საინფორმაციო ენაში გამონათქვამები, რომლებიც რეგულარული გამოყენების გამო ერთგვარი სავალდებულო ფორმულების სახეს იღებს, მაგ., საკითხის დასმა, კვლევის მიმართულება, მეთოდოლოგიური საფუძველი, პოზიციის დაფიქსირება, განუხრელი ზრდა და მრავალი სხვ. აქვე უნდა დასახელდეს ისეთი სტანდარტული განკერძოებული გამოთქმები, რომლებიც თავისებურ, ოფიციალურ სტილისტიკურ ელფერს სძენენ შესაბამის სპეციალურ ენებს: ჩვეულებისამებრ, ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, ჩვენი აზრით, საზოგადოდ, კერძოდ, ამგვარად, ე. ი., ე. წ. და მისთ.
ენობრივი კლიშეები არცთუ იშვიათად უცხოენოვანი კალკებია, არაბუნებრივი სტრუქტურული ერთეულები (დარტყმა მიაყენა, წარმოებს დამზადება და მისთ). ამგვარი სტერეოტიპული ერთეულები, სხვადასხვა სტილის აქტიური ფუნქციონირების პირობებში, ბუნებრივად აღწევენ ჩვეულებრივ მეტყველებაში, სალიტერატურო ენაში, სიტყვაკაზმულ მწერლობაშიც კი და ამით დამატებით პრობლემას ქმნიან სალიტერატურო ენის სიწმინდისა და ბუნებრიობის დაცვის თვალსაზრისით.
ა. არაბული