ზაქარიაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ზაქარიაძე

ზაქარიაძე ალექსანდრე ყარამანის ძე - (4.II.1884 - 12.V.1957) - ქართველი სამხედრო ოფიცერი და მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, ქართული არმიის გენერალი და პოლონეთის არმიის დივიზიის გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I და II მსოფლიო ომების მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვედა სიმონეთში. განათლება მიიღო ქუთაისის საქალაქო 6-კლასიან სასწავლებელში და თბილისის იუნკერთა ქვეით სასწავლებელში (1904 წ.). იმავე წლის 9 სექტემბერს ენიჭება პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება და სამსახურს იწყებს ყურინის 79-ე ქვეით პოლკში.

საბრძოლო ნათლობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც მსახურობდა სამარის 147-ე ქვეით და თბილისის გრენადერთა პოლკებში. 1907 წელს ენიჭება პორუჩიკის, ხოლო 1911 წელს – შტაბს-კაპიტნის წოდება.

1912 წელს ამთავრებს გენერალური შტაბის აკადემიას (I თანრიგით). 1913 წლის 10 ოქტომბრიდან კაპიტანია. I მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1915 წლის 3 მარტს, ინიშნება კაზაკთა მე- 3 კავკასიური დივიზიის შტაბის ადიუტანტად, ხოლო 1915 წლის 13 დეკემბრიდან – 27-ე საარმიო კორპუსის შტაბის ობერ-ოფიცრად. 1915 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1917 წლის 18 თებერვლიდან დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ლიტვის მე-2 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და აქვე ენიჭება პოლკოვნიკის წოდება.

1917 წლის ბოლოს გადადგა სამხედრო სამსახურიდან, ჩამოვიდა თბილისში და ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის უფროსი.

1918-1921 წლებში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში. 1918 წლის განმავლობაში იყო ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, საველე არმიის შტაბის უფროსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საერთო, შემდეგ კი, ოპერატიული სექციის უფროსი. მოგვიანებით კითხულობდა ლექციათა კურსს თბილისის სამხედრო სკოლაში.

მონაწილეობას იღებდა სომხეთ-საქართველოს ომის საწყის ფაზაში, 1918 წლის ოქტომბრის თვეში განვითარებული მოვლენების და სამხედრო მოქმედებების ოპერატიული ანალიზის თვალსაზრისით.

1919 წელს ინიშნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, სადაც მან ამ თანამდებობაზე გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი შეცვალა. აქვე ენიჭება ქართული არმიის გენერლის სამხედრო წოდება . იყო საქართველოს სამხედრო საბჭოსა და რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსული ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებთან და სხვა ქართველ გენერლებთან ერთად ტოვებს სამშობლოს და მიდის ემიგრაციაში. იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, 1922 წლიდან კი, გადადის პოლონეთში.

1923 წლის იანვარ-მარტში ჩაირიცხა მსმენელად საველე მეთაურთა კურსზე, ქალაქ რემბერტოვოს კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში. სწავლის დამთავრების და I ქვეით დივიზიაში აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ, სწავლა განაგრძო პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო სკოლაში (1923-1924 წწ.).

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს მიენიჭა ბრიგადის გენერლის (1924 წ.) და დივიზიის გენერლის (1927 წ.) სამხედრო წოდებები.

1939 წლამდე იმყოფებოდა უმაღლესი სამხედრო სკოლის უფროსის განკარგულებაში. ამ პერიოდში კითხულობდა ლექციათა კურსს პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში. ემიგრაციაში ყოფნის დროს ინარჩუნებდა ქართული არმიის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობას.

იბრძოდა II მსოფლიო ომში. 1939 წელს, გერმანელებთან ომის დაწყების შემდეგ, ჩავარდა ტყვედ, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. იყო მიცემული სასამართლოში, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. მას აეკრძალა ქალაქ ვარშავის დატოვება და იმყოფებოდა კომენდატურის და გესტაპოს მუდმივი დაკვირვების ქვეშ.

1944 წელს, როცა ფრონტი უახლოვდებოდა ქალაქ ვარშავას, ვარშავის აჯანყების დამარცხების შემდეგ, მიიღო ნებართვა გერმანიაში წასვლაზე. რამოდენიმე ხანს ცხოვრობდა ქალაქ ზალცბურგის შემოგარენში.

საბოლოოდ დასახლდა და ცხოვრობდა საფრანგეთში, ქართველთა მამულში – ლევილში, მუშაობდა მოგონებებზე. ავტორია ნაშრომისა – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1917- 1921 წლებში“. გარდაიცვალა 1957 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულიიყო: გიორგის ოქროს იარაღით (1915 წლის 9 მარტს) და გიორგის ჯვრის IV ხარისხით (დაფნის რტოთი – 1917 წ.), წმ. ანას IV (მამაცობისათვის – 1906 წ.), II (1912 წ.) და III (მახვილებით – 1915 წ.) ხარისხის, წმ. სტანისლავის III (1911 წ.) და II (მახვილებით – 1915 წ.) ხარისხის, წმ. ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) ხარისხის ორდენებით.


იხილე აგრეთვე

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები