თეთრზურგა კოდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეთრზურგა კოდალა (ლათ. Dendrocopos leucotos Bechstein, 1803) − ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან.

თეთრზურგა კოდალა საშუალო სიდიდისაა კოდალებს შორის, ფრთა 140-155 მმ-ია, კუდი – 80-90 მმ, ნისკარტი – 30-37 მმ, წონა – 100-125 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. მამალს შუბლი თეთრი აქვს, მოჟანგმიწისფრო ელფერით; თავი ზემოდან წითელია, ხოლო თავის გვერდები, ყელი და ჩიჩახვი – თეთრი. პირის კუთხეებიდან ჩიჩახვისაკენ მიემართება შავი ზოლები, რომლებიც კისრის გვერდებზე იტოტებიან. კისრის უკანა და ზურგის წინა ნაწილები შავია; ზურგის დანარჩენი ნაწილი, საქართველოში მობინადრე ფორმას, თეთრი აქვს – მუქი განივი ზოლებით. პირველი რიგის მურა-შავ მომქნევებზე მსხვილი თეთრი ლაქებია (გარდა მეორისა) და თეთრი წვეროები აქვთ. მეორე რიგის მომქნევები მურა-შავია, ფართო თეთრი განივი ზოლებით და წვეროში თეთრი არშიებით. კუდი სოლისებურია. საჭის ორი ცენტრალური წყვილი – მოთეთრო, მურა განივი წინწკლებით. მუცლის უკანა ნაწილი და კუდის ქვემო მფარავები მოვარდისფრო-წითელია დედალს თავზე წითელი არა აქვს და მთლიანად შავია. ნისკარტი რუხია, ფეხები – მუქი-რუხი.

აღწერილია 15 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება მუქი თეთრზურგა კოდალა – D. l. lilfordi Sharpe et Dresser, 1871.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას: დასავლეთით – ბავარიიდან და ავსტრიიდან, აღმოსავლეთით – კურილის კუნძულებამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე; ჩრდილოეთით - სკანდინავიაში 64-ე პარალელამდე, იაკუტიაში – სტანის ქედამდე. იზოლირებული არეალი არის კამჩატკაზე, იაპონიის კუნძულებზე; სამხრეთით ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი, იტალია, საბერძნეთი, მცირე აზია, კავკასია, ალტაი) და სამხრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთი. საქართველოში მოიპოვება როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ნათელი ფოთლოვანი ტყეები, მდინარის სანაპირო ჭალები, ბაღები. წიწვიანებში არ შედის, თუმცა გვხვდება შერეულ ტყეში. ვერტიკალურად ვრცელდება 1700 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში. მაისის პირველ რიცხვებში დებს 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა ზუსტად დადგენილი არაა, მაგრამ იგი 13-14 დღეს უნდა გრძელდებოდეს.

კვება

თეთრზურგა კოდალას საკვებს შეადგენენ ყოველგვარი მწერები, რომელთაც იგი პოულობს ტყეში ხეებზე, როგორც გარედან, ისე ქერქის ქვეშ და მერქანში. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეთა თესლებს, ზოგჯერ ნაყოფებსაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები