მაყაშვილი აბელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბელ მაყაშვილი

მაყაშვილი აბელ (ბალო) გაბრიელის ძე - (6.VI.1860 - 1920) - ქართველი სამხედრო მოღვაწე და მხედართმთავარი, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი, საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე.

დაიბადა კახეთში, თელავის მაზრის სოფელ იყალთოში, ოფიცრის ოჯახში. დაამთავრა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია 1877 წელს, ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი 1880 წელს და ოფიცრების მსროლელთა სკოლა.

1877 წლიდან სამხედრო სამსახურშია. 1880 წლიდან მსახურობდა 164-ე ზაქათალის ქვეით პოლკში, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. 1909-1914 წლებში მსახურობდა 185-ე ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის მეთაურის თანაშემწედ, შემდეგ მეთაურად. 1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1914 წლის 25 ივნისს დაინიშნა გორის 202-ე ქვეითი პოლკის მეთაურად.

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1914-1917 წლებში, მსახურობდა მე-16 მინგრელსკის გრენადერთა პოლკის მეთაურად. მხედრული ცხოვრების დიდი ნაწილი ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გაატარა. თავი გამოიჩინა იაპონელებთან ომის დროს, ხოლო პირველი მსოფლიო ომის წლებში თავის პოლკთან ერთად დასავლეთის ფრონტზე მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და მისი სიმამაცე და გამჭრიახობა არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი პრესის ფურცლებზე.


1916 წლის 14 იანვარს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1917 წლის 26 აპრილიდან მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა ბრიგადას.

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გენერალი მაყაშვილი თადარიგში გავიდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1919 წლებში, ირიცხებოდა ქართულ ჯარში.

1918 წლის დეკემბრის დასაწყისიდან იყო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ- გუბერნატორი და იქ გაშლილი ქართული ჯარების სარდალი. თავი გამოიჩინა სომხეთ-საქართველოს ომში, სადაც მოკლე დროში ეფექტურად აღკვეთა სომხური ნაწილების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიებზე, ახალქალაქის მაზრაში. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამ მხარის არამარტო ქართულ, არამედ სხვა ეროვნების მოსახლეობაშიც.

1919 წლიდან სამთავრობო და სახელისუფლებო წრეებთან იდეოლოგიური უთანხმოებების გამო გენერალ-მაიორი მაყაშვილი ტოვებს შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს და აზერბაიჯანში გადადის. 1919-1920 წლებში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით სამსახურს იწყებს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში. აზერბაიჯანის სამხედრო მინისტრის, არტილერიის გენერალ სამედ-ბეგ მეხმანდაროვის ბრძანებით მიღებულ იქნა სამხედრო სამსახურში და დაინიშნა ჯერ პირველი ქვეითი დივიზიის მეთაურის თანაშემწედ (ხანკენდის გარნიზონის უფროსის მოვალეობის უფლებების შესრულებით), ხოლო მოგვიანებით მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ. 1920 წლის მარტში იგი სათავეში ჩაუდგა განჯის სამხედრო სკოლას და დაინიშნა განჯის გამაგრებული რაიონის უფროსად.

აზერბაიჯანის რუსული ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, 1920 წლის მაისში, ანტისაბჭოთა შეთქმულების ბრალდებით ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და ,,საგანგებო კომისიის” (,,ჩეკას”) დადგენილებით იმავე წლის 14 ივნისს დახვრიტეს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად იგი ბოლშევიკებმა კასპიის ზღვაში დაახრჩვეს.

მშობლიურ მხარეს წლობით მოშორებულმა გენერალმა მაყაშვილმა შეძლო მშობლიური ენის, ტრადიციების, ხასიათისა და სულის შენარჩუნება. ამ სულისკვეთებით აღზარდა მან თავისი შვილებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ მისი ვაჟებიც, გაბრიელი და ნიკოლოზი. მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი, ქართული სამხედრო საავიაციო რაზმის უფროსი იყო, რომელიც საფრენი აპარატის გაუმართაობის გამო ტრაგიკულად დაიღუპა ერთ- რთი საწვრთნელი გაფრენის დროს, 1920 წლის 13 აგვისტოს.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გენერალი მაყაშვილი დაჯილდოვდა: გიორგის ოქროს იარაღით(1917 წლის 4 მარტს), წმინდა სტანისლავის II (1899 წ.) და I (მახვილებით – 1917 წ.) ხარისხის ორდენებით; წმინდა ანას II ხარისხის ორდენით (1906 წ.); წმინდა ვლადიმირის IV (1910წ.) და III ხარისხის ორდენით( მახვილებით – 1915 წ.).


იხილე აგრეთვე

აბელ მაყაშვილი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები