მდფ ფილა
მდფ ფილა – (ინგლ. Medium Density Fibreboard, MDF) მერქანბოჭკოვანი ფილა საშუალო სიმკვრივის, დამზადებული დაწნეხით წვრილდისპერსიული ხის ფქვილისაგან, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. მდფ ჩვეულებრივ შედგება ხის ბოჭკოს (82%), შარდოვანაფორმალდეჰიდური ფისოვანი წებოს (9%), წყლის (8%) და პარაფინის ცვილისგან (1%). სიმკვრივე 600-800 კგ/მ3. მდფ-ს სამრეწველო წარმოება დაიწყო აშშ-ში 1966 წ. დამზადების მომენტში მდფ-ს შეიძლება მიენიჭოს ცეცხლ-, ბიო- და წყალმედეგი თვისებები. გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, სათავსის კედლების მოსაპირკეთებლად, როგორც ეკონომპანელი სავაჭრო შენობებში და ლამინანტის დასამზადებლად. მდფ-ის ფილებს ფარავენ ემალით, პლასტიკით ან პოლივინილქლორიდის აფსკით, რაც საგრძნობლად აძვირებს მას მერქანფენოვან პლასტიკებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მდფ-ის დაჭრისას ჰაერში დიდი რაოდენობით გამოიყოფა მტვერი და თავისუფალი ფორმალდეჰიდი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა, ამიტომ მასალაზე მუშაობა მიმდინარეობს ვენტილირებად და კონტროლირებად გარემოში.