მეტრეველი ზეინაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტრეველი ზეინაბ — (1957), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ფლავში (გორი). დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ორი რომანი: „საყდრის ჩიტები” და „ჯალათის მუნდირი”. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მკითხველმა იგი უფრო ინტერნეტ-სივრცეში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლექსებით გაიცნო.
- * * *
- შორს იისფერად, მთაზე თრთის ნისლი,
- ამოდის მთვარე ღრუბლის ხველებით,
- დაისის კუნძზე დაკლულ მზის სისხლით
- შეღებილი აქვს ღამეს ხელები,
- დღეს იმ დარდზეა სული გამწყრალი,
- ჩემთან ყოფნის რომ სურვილს უბრუებს
- და ცრემლის ჟანგით შეჭმულ წამწამით
- ვლურსმავ გარინდულ ღრუბლის კუბოებს....
- ეზოს გადაღმა ვიღაცა მგზავრი
- „გამარჯობაო“ − დამიგდებს ისე,
- თითქოს კრწანისის ბრძოლაში ვგზავნი
- და ვატან ზურგში ჩატეხილ ისრებს.…
- გამტყდარ ხმალივით ფლიდსა და მოკლეს
- საწუთროს ასე მიტომ განვიცდი,
- ასე მგონია სიცოცხლით მომკლეს
- და რომ აღარ ვარ, დღესაც არ ვიცი...
- დღეს იმდენ მსტოვარ, „მოკეთეს“ ვიღებ,
- სახლში იმდენი ერთგულიც არ მყავს,
- როგორ გაუძლებს ბებერი ციხე
- ამდენ უჯიშო მომხდურის ალყას...
- „არ გათეთრდების ყორანი-მეთქი“,
- ჩვენ მაინც ვხეხავთ ქვითა და ქვიშით,
- მე ჩემი მინდა კაცი და ღმერთი
- და ამ ღმერთივით ამაყი ჯიში...
- მაგრამ... ეს სიტყვა დაშნის პირებით,
- ისე მიგზავნის სულის ამომცლელს,
- ქრისტესაც კი ვერ დავიტირებდი,
- ამდენ იუდას რომ არ ვაძღობდე...
- არც ევროპა ვარ და არც აზია,
- მე არ მჭირდება არვის მისნობა,
- ჩემს ჯიშს შტრიხკოდის ორი ხაზი აქვს _
- ცისა და მიწის მარადისობა...