მირცხულავა დიდიმ
დიდიმ მირცხულავა − (2. VIII. 1912, ქუთაისი – 29. XI. 1997, თბილისი), ქართველი დირიჟორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1958). 1937 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ე. მიქელაძის კლასი); 1936-38 მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგედ და დირიჟორად. 1937-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორია, 1951-იდან კი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (1968-იდან პროფესორი). სსრკ სახელმწიფო პრემიისა (1951) და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის (1986) ლაურეატი.
განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდა ზ. ფალიაშვილის ოპერების „აბესალომ და ეთერის“ და „დაისის“ (ჩაატარა 2000-მდე სპექტაკლი), თეატრის თითქმის მთელი საბალეტო რეპერტუარის, მთელი რიგი სხვა ოპერების დირიჟორობისას. არაერთი სპექტაკლი აქვს დადგმული კონსის საოპერო სტუდიის სცენაზე. მირცხულავას საშემსრულებლო და პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი გაავლო ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში.