მიქელაძე ევგენი
ევგენი მიქელაძე – (27 ივნისი 1903, ბაქო, – დეკემბერი, 1937, თბილისი), ქართველი დირიჟორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1936). დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931-37 ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი იყო (1933-იდან მთავარი დირიჟორი, 1937 – სამხატვრო ხელმძღვანელი). 1932 დააარსა თბილისის კონსერვატირიის სტუდენტთა ორკესტრი. 1933-37 ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. ევგენი მიქელაძე შესანიშნავად უძღვებოდა 2 დიდ საქმეს – საოპერო და სიმფონიურ ხელოვნებას. მისი თაოსნობით სიმფონიური მუსიკის პროპაგანდამ საქართველოში დიდ მასშტაბს მიაღწია. ევგენი მიქელაძის რეპერტუარში იყო ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, ბოროდინის, რიმსკი-კორსაკოვის, მალერის, რ. შტრაუსის, პროკოფიევის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის და სხვათა ქმნილებანი. ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ქართული სიმფონიური მუსიკის ადრინდელ ნიმუშებს (შ. მშველიძის, გ. კილაძის, ი. ტუსკიას, შ. თაქთაქიშვილის, ი. გოკიელის და სხვათა ნაწარმოებებს). მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ სიმფონიურ შემოქმედების სწრაფ განვითარებას. ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია, ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ქართული ხელოვნების და ლიტერატურის I დეკადაზე მოსკოვში 1937. ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს („აბესალომ და ეთერსა“ და „დაისს)“. ევგენი მიქელაძის საოპერო რეპერტუარში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბიზეს „კარმენი“, ვერდის „ოტელო“ და „აიდა“, ბოროდინის „თავადი იგორი“, პუჩინის „ტოსკა“, გუნოს „ფაუსტი“, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, დონიცეტის „დონ პასკუალე“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი,“ რიმსკი- კორსაკოვის „მეფის საცოლე“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე.“ მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი,შინაგანი დისციპლინა. ევგენი მიქელაძემ ფართო მასშტაბით მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. მან სრულყო ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნება. რეპრესირებულ იქნა 1937.
ა. წულუკიძე