მიქაბერიძე რუსლან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიქაბერიძე რუსლან — (1939−2020), ქართველი მსახიობი და პოეტი. დაიბადა ხარკოვში (უკრაინა). 1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1960-1970), მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ (1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. რუსლან მიქაბერიძის პოპულარობას არანაკლებ ზრდის ნიჭიერად დაწერილი ეპიგრამები და მახვილგონივრული ფუნაგორიები. გამოცემული აქვს კრებულები: „სულიკო” (1997 „სადღეგრძელო” (1998), „ლალე” (2000).
- * * *
- ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
- ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.
- ჯერ რუსი შემოგვესია, მერე სხვა წამოგვისია,
- სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია.
- ვისია ტურფა ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ვისია?
- იქნება მართლა არ ვიცით, იქნება მართლა სხვისია.
- იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
- ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.
- ან ყიზილბაშის სამშობლო ბოლნისი და დმანისია,
- მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისის რა კრწანისია?
- არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
- გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.
- რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ,
- ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
- რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ
- მამა-პაპათა ძვლისია.
- ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
- მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია!