საერთაშორისო სამართლის კომისია
საერთაშორისო სამართლის კომისია – გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო. შეიქმნა 21.XI.1947 გენერალური ასამბლეის 174 (II) რეზოლუციის საფუძველზე საერთაშორისო სამართლის პროგრესული განვითარებისა და მისი კოდიფიკაციის მიზნით. კომისიის ფუნქციები განსაზღვრულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დებულებით საერთაშორისო სამართლის კომისიის შესახებ.
კომისია შედგება 34 წევრისაგან, რომელთაც გენერალური ასამბლეა ირჩევს 5 წლის ვადით გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიცხვიდან. კომისია იკრიბება ყოველწლიურ სესიაზე ჟენევაში, ამზადებს გენერალური ასამბლეის მიერ წარმოდგენილი საკითხების შესახებ მრავალმხრივი კონვენციების პროექტებს. არსებობის მანძილზე საერთაშორისო სამართლის კომისიამ მოამზადა არაერთი რაოდენობის პროექტი, რომელთა საფუძველზე გაეროს ეგიდით მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციებზე მიიღეს შესაბამისი კონვენციები დიპლომატიური, საკონსულო, საზღვაო, სახელშეკრულებო და საერთაშორისო სამართლის სხვა დარგებში.