საშუალო კოდალა
საშუალო კოდალა (ლათ. Dendrocopos medius Linnaeus, 1758) ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − კოდალასნაირნი (Piciformes)
- ოჯახი − კოდალასებრნი (Picidae)
- გვარი − ჭრელი კოდალა (Dendrocopos)
საშუალო კოდალა კოდალებს შორის, მცირე ჭრელ კოდალას გარდა, ყველაზე პატარა ზომისაა, ფრთა 115-130 მმ-ია, კუდი – 75-90 მმ, ნისკარტი – 25-27 მმ, წონა – 50 გ. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება მცირეა. მამალს შუბლი მურა-რუხი აქვს; თავი ზემოდან – მკვეთრი წითელი; კეფა და ზურგი – შავი. ზურგის გვერდებზე დიდი თეთრი ლაქებია; თავის გვერდები და ყელი თეთრია. კისრის გვერდებზე, ყურების მფარავებიდან ჩიჩახვამდე, შავი ზოლები გასდევს. მკერდი მკრთალი ყვითელი ან ოქროსფერ-ყვითელია; მუცელი და კუდის ქვემო მფარავები მოვარდისფრო-წითელი ან მკვეთრი წითელია. მკერდისა და მუცლის გვერდებზე მუქი გასწვრივი შტრიხებია. პირველი რიგის მომქნევები შავია, თეთრი კოპლებით. საჭის ორ კიდურა წყვილზე სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის თეთრი ლაქები ბევრია; მესამე წყვილზე მხოლოდ პატარა თეთრი ლაქებია წვეროს მახლობლად, ხოლო შუა ორი წყვილი სრულიად შავია. ნისკარტი მუქი-რუხია, ფეხები – ტყვიისფერ-რუხი. დედალს თავზე წითელი ლაქა უფრო პატარა და ღია ფერისა აქვს.
აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური საშუალო კოდალა – D. m. caucasicus Bianchi, 1904. იგი გამოირჩევა უფრო მკვეთრი ოქროსფერ-ყვითელი მკერდით, აგურისფერ-წითელი მუცლისა და კუდქვეშა ბუმბულებით, სხეულის გვერდებზე მუქი შტრიხების ნაკლებობით.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთ და შუა ევროპას, ბრიტანეთის კუნძულების გამოკლებით, ესპანეთისა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილებს; აღმოსავლეთით ვრცელდება სამხრეთ-დასავლეთ შვეციამდე, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებამდე. შემდეგ მოიპოვება კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
მეტწილად მაღალტანიანი წიფლის ტყეები, ხოლო საერთოდ ფოთლოვანები დაბლობებსა და მთების ფერდობებზე. წიწვიანი ტყის ზოლში არ შედის. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდობს ხის ფუღუროებში. ზოგჯერ იკავებს ძველ, მიტოვებულ ფუღუროსაც. აპრილის ბოლოს დებს 3-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11 დღეს გრძელდება.
კვება
საშუალო კოდალას საკვების შედგენილობა დაწვრილებით არაა შესწავლილი. ზოგიერთი დაკვირვებით, მის ძირითად საკვებს შეადგენენ ხეებზე ღიად მცხოვრები მწერები, მათი ლარვები, აგრეთვე ჭიანჭველები.
მნიშვნელობა
სხვა კოდალების მსგავსად, სასარგებლო ფრინველი უნდა იყოს, თუმცა მისი პრაქტიკული მნიშვნელობა შესწავლილი არაა.