საჯაია ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჯაია ალექსანდრე – (1916 – 1944), ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ზუგდიდში. 1940 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს პირველი პოეტური კრებული. ალექსანდრე საჯაიას კრებულებია: „ნაადრევი ვარდები“ (1987), „ჩემი ზღაპრები“ (1944), „ლექსები“ (1947), „ორი ზღაპარი“ (1949), „რჩეული“ (1955 ), „ლექსები“ (1967), „რჩეული“ (1970). თარგმნილი აქვს შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელოს ნაწარმოები.
- ძველი ჩონგური
- ნიავს ვუსმენდი: ჩუმი და ტკბილი
- ხმა შორეული ჩამწვდა გულამდე;
- ჩავიმღერე და ჩავყევი ბილიკს
- და ისევ ნიავს მივაყურადე.
- წინ იყო მარტო სიბნელის ფარდა,
- ტყე-ველი, მუქად გადანაფერი!
- სხვა არაფერი, სიმღერის გარდა,
- მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი.
- ვთქვი: თუ ვინ არის, ხმა სადაური?
- (ვერხვებსაც სურდათ, იქნებ, გაგება),
- ხევ-ხევ გაჰყვება, მთას გადაუვლის,
- და ვარსკვლავებში გადიკარგება?
- მღერის, მზე ტრფობით როგორ იწოდა,
- როგორ იბრძოდა გმირი ლომგული,
- ჩონგურმა ძველად ცრემლი იცოდა.
- ნახეთ, რას მღერის ძველი ჩონგური:
- ღამე ლამაზი ბევრი მინახავს
- მთვარეც, მთა-ველიც გადანაფერი...
- ეხ, არაფერი არ მინდა ახლა,
- მხოლოდ სიმღერა, სხვა არაფერი!