სოლერტინსკი ივან
ივან სოლერტინსკი – (20 ნოემბერი1902, ვიტებსკი –11 თებერვალი 1944, ნოვოსიბირსკი), რუსი მუსიკისმცოდნე, თეატრმცოდნე, პედაგოგი. დაამთავრა პეტროგრადის ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტი. 1924-იდან მუსიკალურ კრიტიკოსობას ეწევა. 1929-იდან მუშაობს ლენინგრადის ფილარმონიაში (1940-იდან მისი სამხატვრო ხელმძზღვანელი.). იყო ბრწყინვალე კრიტიკოსი, ორატორი, პოლემისტი, შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ლენინგრადის მუსიკალურ ცხოვრებაში, მეგობრობდა დ. შოსტაკოვიჩთან. ავტორია პირველი შრომებისა რუსულ ენაზე გლიუკის, მალერის, შონბერგის და სხვ. შესახებ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკალური რომანტიზმის, საოპერო და სიმფონიური დრამატურგიის პრობლემების დამუშავებაში. 1927-იდან ასწავლიდა პეტროგრად-ლენინგრადის სხვადახვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, 1930-იდან კონსერვატორიაში (1939 პროფ.), ფლობდა ორ ათეულზე მეტ ენას, დაჯილდოებული იყო ფენომენალური მეხსიერებით, სიცოცხლეში სარგებლობდა დიდი პოპულარობით. ახლო მეგობრობა ჰქონდა ანდრია ბალანჩივაძესთან.
გ. ტორაძე