სოფელ არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთი ფასადის სარკმლები

სოფელ არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია - მდ.ლეხურას ხეობა. 864 წ. სამხრეთის ფასადზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა: "სახელითა ღმრთისაითა მე გიორგი) არმაზისა?) მამასახლისმან დ(ავდევ ეს)ე წმინდა ეკლესა ქორონიკონსა პდ ხელმწიფობასა". მდ. ლეხურას ("რეხულა") ზემო წელში, სოფ. არმაზის მიდამოებში დგას წმინდა გიორგის გუმბათოვანი ეკლესია. რამდენადაც გუმბათს ყელი არა აქვს, ის გარედან თითქმის შეუმჩნეველია. ძეგლებისათვის გუმბათის ასეთი გადაწყვეტა გამონაკლისს წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ქსნის ხეობის მეორე - წირქოლის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიას (VIII ს.). ეკლესია გეგმით კვადრატს წარმოადგენს, კუთხეებში, კედელთან ახლოს დგას რვაწახნაგა სვეტები, რომლებიც კედლებს თაღებით უკავშირდება. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა ტრომპების საშუალებით ხორციელდება. ეკლესიის აბსიდი ნახევარწრიულია და მის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის იატაკის დონე დარბაზისაზე ორი საფეხურით მაღალია, იატაკი გრძელდება აღმოსავლეთის წყვილ, გუმბათქვეშა სვეტებამდე, საკურთხევლის წინ ქვის კანკელია, რომელიც შედგება ექვსი სვეტისაგან. მის ცენტრში აღსავლის კარია გაჭრილი, ოთხი შუა სვეტი რვაწახნაგაა, ორი განაპირა კი, მრგვალი. სვეტები ერთმანეთს და აბსიდის კუთხეებს თაღებით უკავშირდება. კანკელის ზედა ნაწილში წმინდანების სიუჟეტური გამოსახულებებია, ქვედა ნაწილში სამკვეთლო და რელიეფური ჯვრებია.

აბსიდის გვერდებზე განთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებშიც ვიწრო სარკმლებია გაჭრილი. პირველი მათგანი გადახურულია სფერული გუმბათით, ხოლო მეორე სათავსი ქვის საფეხუ- რებიანი გვირგვინით. ეკლესიის სივრცე განათებულია აღმოსავლეთის და სამხრეთის სარკმლებით. შესასვლელები დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია დატანებული. ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან დაბალი და ვინრო გარშემოსავლელი აქვს. სამხრეთის სტოა გადახურულია ცილინდრული კამარით, მისი საბრჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ჩრდილოეთის კედელზე ნალისებრი თაღები გადადის. სტოა აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი. სამხრეთით წყვილი ნიშაა.

სამხრეთით თაღოვანი შესასვლელის გარდა იყო ორი გამჭოლი თაღი - სარკმელი, რომელიც იატაკიდან იწყებოდა და ერთ მეტრამდე გრძელდებოდა. ამჟამად ღიობები ამოშენებულია. დასავლეთის სტოა უერთდება სამხრეთისას, მისი კამარა კოლოფაა. კამარის ნახევარწრიული საბრჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ამავე მხარესაა სხვადასხვა ზომის სარკმლები. ეკლესიის ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. აღმოსავლეთ ფასადზე აქცენტირებულია სარკმლის ღიობის მოჩარჩოება. სარკმლის საპირე ქვა შირიმისაა, ზედა ნაწილში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა.

კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია თუნუქი, ეკლესიის ძირითადი სამშენებლო მასალა რიყის ქვა და შირიმია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები