სოფელ ბალაანის "ძაბუეთის" ეკლესია
სოფელ ბალაანის "ძაბუეთის" ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სასაფლაოზე დგას დარბაზული, გეგმით მართკუთხა მოხაზულობის ეკლესია. აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღიანი სარკმელი. მის ორსავე მხარეს არქიტრავული ნიშებია. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა, ასეთივე ქვაა საკურთხევლის წინ. კონქი სფერული ფორმისაა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი.
დასავლეთის კედელს მიუყვება კამარის საბრჯენი თაღი. კამარა ოდნავ შეისრულია. დარბაზს შემოუყვება ერთსაფეხურიანი ხარისხი. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთ კედელში მოწყობილია არქიტრავული შესასვლელი. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია, საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. სახურავის ცენტრში აღმართულია ქვაჯვარა.
ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენები ჰქონდა, საიდანაც შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთი კუთხე. ძეგლს გარშემო გალავანი შემოუყვება.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა