სოფელ ზემო იკორთას ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი ჩრდილო-აღმოსალეთიდან

სოფელ ზემო იკორთას ციხე - გვიანი შუა საუკუნეები - ციხე მდებარეობს ქ.გორიდან ჩრდილოეთით 20 კმ-ზე მდ.მეჯუდას ხეობაში. იკორთის ციხე მხოლოდ XVIII ს. იხსენიება რამდენჯერმე. მემატიანე სეხნია ჩხეიძის ცნობით, 1732 წ. ლეკები დაესხნენ ქართლს. ამჯერად მათი თავდასხმა უშედეგო აღმოჩნდა. იკორთასთან მტერი საბოლოოდ გაუნადგურებიათ. 1736 წელს ირანის შაჰს გადაუდგა შანშე ქსნის ერისთავი და იკორთას გამაგრდა. ნადირ-შაჰის გამოგზავნილი ჯარი ციხეს მოადგა, მაგრამ დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ იგივე სარდალი სეფე-ხანი, დიდი ჯარით დაბრუნდა. ამ უთანასწორო ბრძოლაში იკორთა დაეცა. მაშინ საკმაოდ დაზიანდა ციხეც და გალავანიც, მაგრამ XVIII ს-ის ბოლოს რომ შესაკეთებელი ყოფილა, ამას ვიგებთ მეფე გიორგი XII მიერ შვილისადმი მიწერილი ბარათიდან: "წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ ეკლესიის მამულებსა არ გვანებებენო... გალავანიც დაქცეულა, უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგანაც მათი სალოცავი არის". ციხე-დარბაზის ციტადელი განლაგებულია შემაღლებულ ბორცვზე. მისი წინა ნაწილი, რომელიც ეზოში გადიოდა ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ეზოს დონეზეა. ჩანს, აქ გრძელი შენობა მდგარა, რომლისგანაც მხოლოდ ნაშთებია დარჩენილი. თვით ციტადელს გრძელი ეზო აქვს. მის კედლებსა და შემადგენელ ნაწილებს ეტყობა არაერთი გადაკეთება. ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა კოშკი, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ცილინდრული. ეს კოშკები სხვადასხვა დროისაა. ჯერ სწორკუთხა კოშკია აგებული, შემდეგ - ცილინდრული და ბოლოს ისინი შეერთებულია - ახალი გალავნით. ოთხკუთხა კოშკი სანახევროდ დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ სამი საროული. შესასვლელი სამხრეთითაა. სხვა კედლებში და ზედა სართულებზე სათოფურები და სარკმლებია. მეორე კოშკი ორფენიანია. პირველი ფენის ცილინდრულ კოშკს დასავლეთით მთის დიდ ქანობზე ძირი გამოეცალა და ნახევარი ხევში ჩაიშალა. მის ნანგრევებში ჩანს ღრმა ნიშები სათოფურებით, ბუხარი და სხვა. ციტადელის გალავანს მაღალი კედლები ჰქონია, რომლებიც ქვემოთ ხევისკენ ყრუა, ეზოსკენ კი ხვრელობებია. დასავლეთის კედლებში მოთავსებულია ნახევარწრიული მოხაზულობის კამერა ყრუ კედლებით. მისი დანიშნულება გაურკვეველია. ციხე ნაგებია როგორც კარგად თლილი, ისე უხეშად თლილი ქვით. ციხე დაზიანებულია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები