სოფელ კეხვის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციხის გეგმა

სოფელ კეხვის ციხე - კეხვის ციხე დგას სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე, შედარებით ადვილად მისადგომ მთაზე. მშენებლებისათვის, როგორც ჩანს, მთავარი იყო არა მიუდგომლობა, არამედ ადგილმდებარეობა - ციხიდან კონტროლდება დიდი ლიახვის ხეობა, გზა და მიმდებარე ქედების კალთები. ციხე სამი ნაწილისაგან შედგება. ჩრდილოეთით, ყველაზე ამაღლებულ ადგილას ციტადელია - დიდი ზომის (დიამეტრი 9 მ.) ცილინდრული კოშკი. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კედლებიდან იწყება გალავანი. იგი სამხრეთით წაგრძელებული და უსწორმასწორო გეგმისაა. გალავანს სამხრეთიდან მიდგმული ჰქონდა მესამე გალავანი, რომელიც საძირკვლის სახითაა შემორჩენილი. კოშკის და გალავნის ზედა ნაწილები მორღვეულია. კოშკს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს - მიწის დონედან 4 მეტრზე. პირველი სართულის კედლებს შემორჩა ხუთი პილასტრის კვალი. მათზე გადასული თაღები იჭერდნენ გადამხურავ გუმბათს. პირველი სართულის გარდა, კედლები გვიანი პერიოდისაა. გალავანში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა; გარედან მიშენებული ჰქონდა კარიბჭე; სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში გაჭრილია სათოფურები და ნიშები. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩართულია მცირე კოშკი, რომელიც სამი სართულის სიმაღლეზე შემორჩა. მის გვერდით – წყლის რეზერვუარია, აღმოსავლეთით კედელში ჩატანებულია საპირფარეშო. მეორე გალავანი (სამხრეთი) მთლიანად დანგრეულია. ციხე ნაშენია ფლეთილი და რიყის ქვით. წერილობით წყაროებში კეხვის ციხე იხსენიება 1578 წლის ამბებთან დაკავშირებით, როდესაც მეფე სიმონ I-მა დაამწყვდია თურქთა მომხრე ვახტანგ მუხრან-ბატონი. ვახუშტის ცნობით, 1625 წელს, გიორგი სააკაძემ სხვა ციხეებთან ერთად გაამაგრა კეხვის ციხეც. XVIII ს-ის მეორე მეოთხედში ციხეს ფლობს გივი ამილახვარი. მან 1736 წელს უარი თქვა დამორჩილებოდა ირანის შაჰს და კეხვის ციხეში გამაგრდა; მოიგერია ირანელების სამი შეტევა და მათი ჯარი გაანადგურა. შემდგომში გივი ამილახვარი სურამის ციხეში გადავიდა და გარნიზონის უფროსად დატოვა არაგვის ერისთავის ვაჟი სარიდანი. 1744 წელს თეიმურაზ II ალყა შემოარტყა ციხეს და ოთხი თვის უშედეგო ბრძოლის შემდეგ ზარბაზნების ძალით აიძულა სარიდანი წასულიყო მოლაპარაკებაზე.

კეხვის ციხე

მეფემ უყოყმანოდ მიიღო ციხისთვის ყველა პირობა და ამ უკანასკნელმაც მხოლოდ ამის შემდეგ ჩააბარა მას ციხე. ირანის შაჰმა გამოგზავნა ამირინდო ამილახვარი დავალებით - დაენგრია სურამის და კეხვის ციხეები. ვინ აღადგინა ციხე - არ მოგვეპოვება ცნობები. მოგზაურმა გიულდენშტედტმა 1770 წელს მოინახულა ციხე და მის შესახებ წერს, რომ ციხე უმოქმედოა. შესაძლებელია მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ აქ მუდმივი გარნიზონი არ იდგა. შემოინახა ალექსანდრე ბატონიშვილის წერილი სარდალ ამილახვრისადმი, სადაც ის წერს, რომ ამაგრებს კეხვის ციხეს და შიგ ხალხს აყენებს. წერილი დათარიღებულია 1798 წლით.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები