სოფელ სიათას ეკლესია კოშკით და მინაშენით
სოფელ სიათას ეკლესია კოშკით და მინაშენით - მაღალ მთაზე მდგარი ეკლესია და კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლისგანაც მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხეა შემორჩენილი. კედლების სიმაღლე 1,5 მ, ზოგან უფრო ნაკლებს აღწევს. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრის ქვედა ნაწილი. ნაოთხალი შესასვლელი დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილშია დატანებული. ეკლესიას სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან - მინაშენები ჰქონდა; აქედან სამხრეთ მინაშენის მხოლოდ დასავლეთი ნაწილია – გადარჩენილი, დასავლეთი მინაშენი კი ეკლესიას მთელ სიგანეზე გაუყვება. ორივე მინაშენი ნაოთხალი შესასვლელებით უკავშირდება კოშკს, რომელიც ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია მიშენებული. კოშკი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება. პირველი სართული ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვით. მეორე და მესამე სართულის სამხრეთ წყვილი, კედელში სწორკუთხა სათოფურია, ხოლო აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული კარი. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ძელის ბუდეები. ეკლესიაში და კოშკში მიწის დონე ძლიერ აწეულია; ამოსულია უამრავი მცენარე. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა