სტრინდბერგი იუჰან ავგუსტ
იუჰან ავგუსტ სტრინდბერგი − (შვედ. Johan August Strindberg, 1849-1912), შვედი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. განსაკუთრებით პოპულარულია მის მიერ 80-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებები. ამ პერიოდში იგი იყო ნატურალიზმის ერთ-ერთი ბელადთაგანი, დიდ ყურადღებას უთმობდა ყოფით დეტალებს, მეცნიერული თვალთახედვით განიხილავდა მოვლენებს. ოჯახურ დრამებში „მამა“, „კაზინო“, „ფრიოკენ იულია“, „კრედიტორები“, „ვინ უფრო ძლიერია“, „ამხანაგები“, „სიკვდილის როკვა“ (და სხვ.), იგი ქმნის მწვავე სოციალურ დახასიათებას, აშიშვლებს მტკივნეულ ზნეობრივ პრობლემებს. დრამატული კონფლიქტის მიზეზად მას ესახება ადამიანური ინსტინქტები, შთამომავლობითობა, ავადმყოფობა, სქესთა ბრძოლა. მისმა შემოქმედებამ განიცადა ევოლუცია ნატურალიზმიდან სიმბოლიზმისაკენ და დამთავრდა ექსპრესიონიზმით. მისი ყურადღება ინაცვლებს რაციონალურიდან ირაციონალურისაკენ. ამ პერიოდში იგი ქმნის პიესებს: „გზა დამასკოსაკენ“, „ოცნების თამაში“, „აჩრდილების სონატა“. სავსებით რეალურად განიხილავს მოვლენებს ისტორიულ დრამებში – „გუსტავ ვაზა“, „ერიკ XIV“, „გუსტავ ადოლფი“, „კარლ XII“, „გუსტავ III“ (და სხვ.). მისი მთავარი თეორიული ნაშრომია „თანამედროვე დრამის და თანამედროვე თეატრის შესახებ“.