ფთახი
ფთახი – (ეგვიპტ.) სამყაროს შემოქმედი დიდი ღმერთი, რომელსაც მემფისში მიაგებდნენ განსაკუთრებულ პატივს.
პირველი წევრი ტრიადისა – ფთახი-სეხმეთი-ნეფერთემი. მისი შექმნილია ღმერთების რვეული, რომელიც მასთან ერთად
ცხრეულს (ენეადას) ქმნის, რომელიც მისი ბაგე-კბილებია, ხოლო თავად ცხრეულის ენა და გულია, რომელშიც ყველა ღმერთია
მოქცეული. ფთახმა ამგვარად შექმნა ღმერთები და მერე მთელი სამყარო: ფთახის გულში გაჩნდა ჯერ აზრი, მერე აზრი გაცხადდა
ენით ხმამაღლა ნათქვამ სიტყვაში, ბოლოს სიტყვა გაცხადდა საქმეში ანუ რეალობაში შეისხა ხორცი. ამრიგად, ყველაფერი არსებული, ყოველი ნივთი და საგანი ფთახის ნათქვამი სიტყვაა. ყველა ღმერთი მისი ძალისა და სხვადასხვა ფუნქციის გამოვლინებაა. მან შექმნა ქალები, მან დააარსა ქვეყანა და მისი ოლქები, ტაძრები და სათითაოდ შეიყვანა მათში ღმერთები, დააწესა ღვთისმსახურება და მსხვერპლშეწირვანი.
მისი ნებით განსხეულდნენ ღმერთები ხეში თუ ქვაში, თიხაში თუ სხვა ნივთიერებაში... მისი ნებით მიეცა სიცოცხლე მართალს და მშვიდობისმოყვარეს და მიეცა სიკვდილი ბოროტისმოქმედს, მისი ნებით შეიქმნა ყოველი საშრომელი და ყოველი ხელოვნება, ყოველი ხელთქმნილი, ყოველი მოძრაობა ხელთა და ფეხთა, ყოველი ასოსი... ყველაფერი ეს მის გულში ჩაისახა, როგორც ფიქრი და დაიბადა, როგორც სიტყვა და საქმე.