ქაშაყების ოჯახი
ქაშაყების ოჯახი – Clupeidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრნი
თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. სხეული ქერცლითაა დაფარული. თავი შიშველია. მუცელი შებრტყელებული ან მრგვალი ფორმის არის. თუ მუცელი შებრტყელებულია, მაშინ ის ხშირად არის აღჭურვილი ტროპისებური პატარა ქერცლებით. წინაპირიანი ან, იშვიათად, ქვედაპირიანი თევზია. ყბები თითქმის თანაბარი სიგრძის აქვს. დინგი წამოშვერილი არაა. ზედა ყბის ძვალზე მოთავსებულია დამატებითი ძვალი. ზედა ყბის ძვალი ზომიერი სიგრძისაა. კბილები წვრილებია, მაგრამ ზოგჯერ სრულიად არ მოეპოვება, ლაყუჩის აპკები თავისუფალია. ლაყუჩთა ფხაჭები (ჩხირები) გრძელი და მოკლეა. ცხიმოვანი ფარფლი არა აქვს. გვერდითი ხაზი არა აქვს (უფრო ზუსტად, მასში სულ 2-დან 5-მდე ქერცლია). ყელის ფირფიტები არ გააჩნია: ლაყუჩის სახურავი 4 ძვლისაგან შედგება და ნორმალური ფორმისაა. ზურგის ფარფლი, ჩვეულებრივ, სხეულის შუა ნაწილზეა ან რამდენადმე უკანაა, მაგრამ ის ყოველთვის ანალური ფარფლის ვერტიკალის წინაა მოთავსებული. ანალური ფარფლი წაგრძელებული ან ზომიერი სიგრძისაა. კუდის ფარფლი ძლიერ ამოკვეთილია, მუცლის ფარფლები ან ზომიერი სიდიდისაა, ანდა პატარებია, ზოგჯერ კი სრულიად არ მოეპოვება. ულვაშები არა აქვს. საცურავი ბუშტი აქვს.
გავრცელება
ქაშაყი გავრცელებულია ყველა ზღვასა და ოკეანეში. მრავალი მათგანი მდინარეებშიც შედის; ზოგიერთები მუდმივად მტკნარ წყლებში ცხოვრობენ. საქართველოს შავი ზღვის წყლებში მხოლოდ ორი გვარი გვხვდება: Cascpialosa ოთხი ქვესახეობით და Clupeonolla ერთი სახეობით.