ქერიმ-ხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერიმ-ხანი

ქერიმ-ხან ზენდი მოჰამედ – (1704 ან 1705-1779), სპარსეთის შაჰი, ზენდების დინასტიის (1750– 1779) დამაარსებელი ირანში.

1758 დაასრულა ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანში დაწყებული შინა ბრძოლები და არეულობა. 1763 გააერთიანა ირანი (ხორასნის გარდა) და ქვეყანას განაგებდა როგორც შაჰ ისმაილ III-ის ვაქილი (რეგენტი); ეყრდნობოდა მომთაბარე და ბინადარ ფეოდალურ არისტოკრატიას. თავი გამოიჩინა როგორც განათლებულმა, რბილმა და ზომიერმა მმართველმა. ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მფარველობდა შიიტებს, მაგრამ ამავე დროს გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობით.

ქერიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ირანში კვლავ შინაბრძოლები დაიწყო. რაც დასრულდა ყაჯართა გამარჯვებით. მის დროს პოლიტიკური საზღვარი ირანსა და საქართველოს შორის გადიოდა მდინარე არაქსზე. ერეკლე II, რომელიც ფორმალურად მის ვასალად რჩებოდა, ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო. 1763 ერეკლემ ქერიმ-ხანს გადასცა დატყვევებული ირანის ტახტის ერთ-ერთი ძლიერი პრეტენდენტი აზატ-ხანი და ამით კიდევ უფრო განამტკიცა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობა. ქერიმ-ხანმა აღიარა ის მეფედ და შეურიგდა მის გავლენას ამიერკავკასიის სახანოებზე. ქერიმ-ხანის და ერეკლე II-ის შეთანხმება არსებითად ორი მხარის ზავს წარმოადგენდა და იმის დამადასტურებელი იყო, რომ ირანის გამგებელი აღმოსავლეთ საქართველოში ვერ გაბატონდა. ქერიმ-ხანი უარყოფითად შეხვდა 1768-1774 რუსეთ-თურქეთის ომის დროს საქართველოში რუსეთის ჯარის შემოსვლას (1769); ზოგიერთი ცნობით, მისი ინიციატივით მოხდა ერეკლე II-ის საიდუმლო შეთანხმება ოსმალეთთან 1776.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები