ჩიტბატონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიტბატონა

ჩიტბატონა (ლათ. Carduelis carduelis Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჩიტბატონა.

ჩიტბატონა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი — 45-60 მმ, ნისკარტი — 11-14 მმ, წონა — 13-20 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის შეუმჩნეველია. ზრდასრულ ფრინველს სახის ნაწილის ბუმბულები, თხემის წინა ნაწილი შუბლამდე და ყელი, ე. ი. ნისკარტის ირგვლივ ფართო ზოლი, მკვეთრი წითელი აქვს. მხოლოდ პირის კუთხეებთან არის შავი ლაქები. შავია აგრეთვე თხემი, ფრთის პატარა და საშუალო მფარავები, დიდი მფარავების ძირები, მომქნევების წვეროს ნაწილი და საჭის ბუმბულები. ფრთის დიდი მფარავების წვეროები და მომქნევების ძირები მკვეთრი ყვითელია. მომქნევების წვეროებზე, საჭის 2-3 წყვილი ბუმბულის ძირში, კუდზედა ბუმბულებზე, კეფასა და ლოყებზე თეთრი ფერის ლაქებია. ზურგი მურაა, სხეულის გვერდები და მკერდი − ბაცი მოწაბლისფრო. ყელის გარდიგარდმო ბაცი მურა ლაქაა. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია. კონუსური ფორმის ნისკარტი მოვარდისფრო-ყვითელია, ხოლო ფეხები მოვარდისფრო-ხორცისფერი, დედალი შეფერილობით მამლის მსგავსია, მაგრამ ნაკლებად მკვეთრი.

აღწერილია 20-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჩიტბატონა — C. c. brevirostris Sarudny, 1889 და ჩვეულებრივი ჩიტბატონა — C. c. carduelis Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, სკანდინავიის, ფინეთისა და სსრკ ჩრდილოეთი ნაწილების გარდა. დასავლეთით მოიპოვება ბრიტანეთის, აზორისა და კანარის კუნძულებზე. სამხრეთით ვრცელდება აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებზე — მაროკოდან ეგვიპტემდე, მცირე და წინა აზიაში, ირანში, ავღანეთში, ბელუჯისტანში, ჰიმალაის დასავლეთ ნაწილში. სსრკ აზიურ ნაწილში გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი აღწევს ტობოლსკამდე, ტომსკამდე, ენისეისკამდე და შემდეგ ბარნაულამდე; დასავლეთით — მინუსინსკის ქვაბულამდე და კრასნოიარსკამდე. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში — მობინადრე. საქართველოში კავკასიური ჩიტბატონა მობინადრეა, მაგრამ ახდენს სეზონურ ვერტიკალური მომთაბარეობას. ჩვეულებრივი ჩიტბატონა კი იპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ბაღებსა და პარკებში, წიწვიანთა კორომებში, მდინარეთა ხეობებით აღწევს მთების ფერდობების ტყის ზემო საზღვრამდე, ზოგჯერ სუბალპურ ზონაშიც. ზამთარში ხშირად ინაცვლებს მინდვრებსა და ჭალებში, მაღალ ბალახნარებსა და ნარიან ადგილებში.

გამრავლება

მაღალი ხეების ჰორიზონტალურ ტოტებზე დედალი აკეთებს მოხდენილსა და მაგარ, სფერული ფორმის ბუდეს, ხმელი ბალახის, ხავსის, მღიერის, ხის ქერქისა და სხვა მასალისაგან. მამალი ბუდის აგებაში არ მონაწილეობს ან მხოლოდ ზოგჯერ მოაქვს ბუდისათვის ბალახის ღეროები. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველი გამრავლება მიმდინარეობს მაისის მეორე ნახევარში, ხოლო მეორე — ივნის-ივლისში. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღემდე გრძელდება.

კვება

ჩიტბატონას საკვებს შეადგენს სარეველა მცენარეების − ნარის, ბურბუშელას, ბირკას, ოროვანდის, მჟაუნას და სხვათა თესლები. ზაფხულში მრავლად კენკავს მწერებსაც, განსაკუთრებით ბარტყების გამოსაკვებად.

მნიშვნელობა

ჩიტბატონას დიდი სარგებლობა მოაქვს სარეველა მცენარეთა თესლებისა და მავნე მწერების მასობრივად განადგურებით. ლამაზი გარეგნობისა და სასიამოვნო გალობის გამო ჩიტბატონას დიდი ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვს, რის გამო ხშირად ჰყავთ გალიებშიც.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები