ჰეკატონქეიროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰეკატონქეიროსი – (ბერძნ.) „ასხელა“. ჰეკატონქეიროსებს უწოდებდნენ იმ ბუმბერაზებს, რომელთაც ასი ხელი და ორმოცდაათი თავი ჰქონდათ. ისინი მიწისქვეშა ძალებს განასახიერებდნენ და ითვლებოდნენ ურანოსისა და გეას ნაშიერებად.
ჰესიოდე სამ ჰეკატონქეიროსს ასახელებს: ბრიარეოსს, კოტოსსა და გიგესს. ისინი ურანოსმა თავის სხვა შემზარავ შვილებთან ერთად მიწის წიაღში ჩამალა.
ტიტანომაქიის დროს ოლიმპიელმა ღმერთებმა ჰეკატონქეიროსები ტარტაროსიდან იხმეს და დახმარება სთხოვეს. სწორედ მათი შემწეობით გაიმარჯვეს ახალმა ღმერთებმა. როდესაც ზევსმა უზენაესი ღვთაების უფლებები დაიმკვიდრა, ჰეკატონქეიროსები ტარტაროსში ჩამწყვდეულ ტიტანთა დარაჯებად განაწესა.