ასპუჭაკასებრნი
ასპუჭაკასებრნი (ლათ. Sylviidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ასპუჭაკასებრთა ოჯახი სახეობებით რიცხვმრავალი და საკმაოდ არაერთგვაროვანი ფრინველების ჯგუფია. სისტემატიკურად ისინი უახლოვდებიან ერთი მხრივ შაშვისებრთა, ხოლო მეორე მხრივ მემატლიასებრთა ოჯახებს. გამოირჩევიან პატარა ზომით, იწონიან მხოლოდ 6-დან 30 გ-მდე; აქვთ მოხდენილი, ოდნავ მოგრძო ფორმის სხეული, პატარა და წვრილი თავი, რბილი, სხეულზე მიტმასნილი ბუმბულსაფარველი. სახეობების უმრავლესობა ერთფეროვანია, განსაკუთრებული სიჭრელის გარეშე; ჭარბობს მეტწილად რუხი, ყავისფერი, ჟღალი, მომწვანო ფერები. ახალ ბუმბულსაფარველში უფრო შესამჩნევია მოყვითალო ან მოყავისფრო, ხოლო ძველში – ღია, მოთეთრო ფერები. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში ჩვეულებრივად არაა გამოხატული, მაგრამ ასპუჭაკების გვარში მამლები მკვეთრად გამოირჩევიან დედლებისაგან.
ფრთა მოკლე, მომრგვალებული და ბლაგვი აქვთ, იგი დაკეცილ მდგომარეობაში ძლივს აღწევს კუდის შუამდე. პირველი რიგის მომქნევი 10-ია. მათ შორის პირველი განუვითარებელია და მხოლოდ ზოგიერთ სახეობაში შეიძლება იყოს მე-2 მომქნევის სიგრძის ნახევარი. კუდი ნაირგვარი ფორმისაა: პირდაპირ მოკვეთილი, მომრგვალებული, ოდნავ ამოკვეთილი ან საფეხუროვანი. საჭის ბუმბულები უმრავლეს შემთხვევაში 12-ია. მხოლოდ ლერწამებს აქვთ ძალიან ფართო კუდი და საჭის 10 ბუმბული.
ნისკარტი ჩვეულებრივად წვრილი, სწორი და თავზე მოკლეა, ძირში ზოგს – უფრო განიერი და აღემატება სიმაღლეს; წვეროს ნაწილში შესამჩნევად ვიწროვდება, გვერდებიდან ხშირად შეზნექილია; ნისკარტზედას ქედზე კარგად გამოხატული, ოდნავ ამოზნექილი მახვილი წიბოა, ხოლო ბოლოში – პატარა კაუჭი. ნესტოები აპკითაა დაფარული. ფეხები ზომიერი სიგრძისაა, წვრილი თითებით და პატარა ბრჭყალებით. ზოგიერთ მეჩალიას უკანა თითზე აქვს შედარებით დიდი ბრჭყალი. გალო წინიდან დაფარულია რამდენიმე რქოვანი ფარით, ხოლო გვერდებიდან – წაგრძელებული ფირფიტებით.
ასპუჭაკასებრნი ბინადრობენ ტყეში, ბუჩქნარებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანში, მაღალ ბალახნარებში. ეწევიან დღის ცხოვრებას, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ ხეებისა და ბუჩქების ხშირ ტევრში, ლელქაშში, ბალახნარებში, რის გამო ხშირად ძალიან ძნელი შესამჩნევია.
მონოგამიური ფრინველებია. წელიწადში უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ მრავლდება. იკეთებენ ღია ან ნახევრად დახურულ ბუდეებს მიწაზე ან მიწასთან ახლოს ბუჩქებზე, ხეებზე, ბალახებზე, ლელზე. დებენ 4–8 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 2 კვირამდე აღწევს. ბარტყები იჩეკებიან ტიტველნი და თვალებაუხილველნი. მხოლოდ ყარანას ბარტყები არიან მცირე და თავისებური ღინღლით დაფარულნი.
ასპუჭაკასებრთა ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები. ზოგიერთი მათგანი შემოდგომითა და ზამთარში ჭამს კენკრასაც.
ასპუჭაკასებრნი ფართოდ არიან გავრცელებული მთელ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში; 2 სახეობა მოიპოვება ალასკაზეც.
ოჯახის სისტემატიკა ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ დამუშავებული. სხვადასხვა ავტორების მონაცემებით, იგი შეიცავს 16-დან 30-მდე გვარს და 100-დან 386-მდე სახეობას. საქართველოში ამ ოჯახის 8 გვარია წარმოდგენილი.