გრაპა
გრაპა – (იტალ. Grappa), იტალიელი გლეხების ალკოჰოლური სასმელი გრაპა, დღესდღეობით, იტალიის სიმბოლოდ ითვლება. ღვინის გადამუშავების პროცესში რჩება სხვადასხვა ნარჩენები – წოპნა, კანი და ნარჩენი რბილობი. მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე შემუშავდა დუღილის დასრულების შემდგომ მიღებული ნარჩენების გამოყენების სხვადასხვა ტექნოლოგია. მაგალითად, დუღილის დასრულების შემდეგ ნარჩენებს ამუშავებენ წყლის ორთქლით დაბალი წნევის ქვეშ, რის შედეგადაც მიიღება ალკოჰოლიანი წყალხსნარი. მისი შემდგომი გამოხდით კი მიიღება ცნობილი სასმელი გრაპა.
არსებობს სხვადასხვა სახეობის გრაპა: ახალგაზრდა (giovane) ანუ „თეთრი გრაპა“, რომელსაც ბოთლებში ასხამენ დისტილაციის დამთავრებისთანავე (ან მცირე ხნით აყოვნებენ უჟანგავი რკინის რეზერვუარებში). ასეთი წესით ჩამოსხმული სასმელი დიდი ხნის შემდეგაც არ ძველდება და აქვს უხეში გემო. თუ გრაპას მცირე ხნით დააყოვნებენ ხის ჭურჭელში, სასმელი ხდება უფრო რბილი და ჰარმონიული. დაძველებული (vecchia) გრაპა კასრში ყოვნდება არანაკლებ 12 თვისა, ხოლო „ძალიან ძველი“ (stravecchia) კასრში ძველდება არანაკლებ 18 თვისა, რის შემდეგაც იგი იძენს ოქრო-ქარვისფერ შეფერილობას და მასში ალკოჰოლის შემცველობა აღწევს 45-50 მოც %. გრაპას დასავარგებლად გამოიყენება ფრანგული მუხისაგან ან ტყის ალუბლისაგან დამზადებული კასრები. ეს გარემოება განსაზღვრავს სხვაობას გემოსა და ფერში. ბოლო ხანებში გრაპას მწარმოებლები სარეალიზაციოდ იყენებენ უფრო მსუბუქ სასმელს – Aquavita Prime Uve, რომლის დისტილატი მიღებულია არა მეღვინეობის ნარჩენებიდან, არამედ ჩვეულებრივი ყურძნიდან.
გრაპას ასხამენ ბურთისმაგვარ კოლბებში ან სხვადასხვა ფორმის პარფიუმერული ფლაკონების ტიპის ჭურჭელში. საუკეთესო იტალიურ გრაპას ამზადებენ ფრიულისა და ვენეტოს ოლქებში.