დიდი წივწივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი წივწივა (ლათ. Parus major Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

დიდი წივწივა პატარა ზომის ფრინველია, თუმცა წივწივებს შორის ყველაზე დიდია, ფრთა 65-85 მმ-ია, კუდი – 60-85 მმ, ნისკარტი – 8-12 მმ, წონა – 15-20 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, დიდი ლაქა ყელსა და კისრის ქვემო მხარეს, აგრეთვე გასწვრივი ზოლი მკერდსა და მუცლის შუა ნაწილში შავი აქვს, მოლურჯო მეტალური ელვარებით. თავის გვერდებზე სამკუთხა ლაქები და კისრის უკანა მხარეს მომრგვალო ლაქა თეთრია. ფრთებზე არის გარდიგარდმო ზოლები, ხოლო მომქნევების კიდეებზე ან წვეროებში არშიები, რომლებიც ზოგჯერ თეთრი, მოცისფრო ან მოყვითალოა. საჭის კიდურა ბუმბულებზე თეთრი არშიებია. საჭის დანარჩენი ბუმბულები, კუდზედა ბუმბულები და ფრთების მფარავები მოცისფრო-რუხია. მუცელი ლიმონისფერ-ყვითელი ან სუფთა თეთრია. დედლის შეფერილობა რამდენადმე უფრო მკრთალია, მკერდსა და მუცელზე ზოლი შავი კი არა, მურა და ვიწროა. ნისკარტი მოშავო-რქისფერია, ფეხები მოცისფრო-რუხი. აღწერილია 30 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი დიდი წივწივა–P. m. major Linn, 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას (ალჟირი, ტუნისი, მაროკო) და ევრაზიის უდიდეს ნაწილს, ატლანტის ოკეანედან ოხოტის ზღვამდე. ჩრდილოეთით ვრცელდება: სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებზე – ტყის ზონის საზღვრამდე, შემდეგ არხანგელსკამდე, პეჩორის სათავეებამდე, ირტიშის შესართავამდე, შუა ტუნგუსკამდე, ლენის ზემო დინებამდე, ჩიტამდე და უდის ყურემდე. სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპასა და აზიაში. არეალის დიდ ნაწილში მობინადრეა, ხოლო ზოგან მომთაბარეობს. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ტყეში, ბუჩქნარებში, ბაღებში, პარკებში, ჭალებში, მთის ფერდობების ყველა ტიპის ტყეში, განსაკუთრებით კი ფოთლო- ვანებში, ტყის ზემო საზღვრამდე, თუმცა უღრანი ტყის სიღრმეებს თავს არიდებს.

გამრავლება

ბუდობს ჩვეულებრივად ფუღუროებში, შენობების ხვრელებში, ციყვის ძველ ბუნაგში, ხალისით სახლდება შესაფერის ხელოვნურ საბუდარებში. საბუდარს პოულობს და ბუდეს აწყობს მხოლოდ დედალი. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველად მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, ხოლო მეორედ მაისის შუა რიცხვებში, დებს 9-13 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღეს გრძელდება.

კვება

ტიპური ენტომოფაგი ფრინველია, თუმცა ჭამს სხვა, როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ საკვებსაც. მწერებს შორის დიდი უმრავლესობა მავნეა.

მნიშვნელობა

უამრავი მავნე მწერის განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები