თოხიტარასებრნი
თოხიტარასებრნი (ლათ. Paradoxornithidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. თოხიტარასებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა ზომის ფრინველები, რბილი და უხვი ბუმბულსაფარველით, მოკლე, მაგრამ მაღალი ნისკარტით და გრძელი, მკვეთრად საფეხუროვანი კუდით. სხეული აქვთ ჩასკვნილი, თავი შედარებით დიდი, კისერი მოკლე. ფრთები მოკლეა და მომრგვალებული, პირველი რიგის 10 მომქნევიდან, პირველი მოკლეა. კუდი სხეულის მთელი დანარჩენი ნაწილის სიგრძისაა, საჭის კიდურა ბუმბულები 2-3-ჯერ მოკლეა, ვიდრე შუა წყვილი. ფეხი შედარებით ძლიერია, გალო წვრილი და გრძელი; წინიდან დაფარულია რამდენიმე ფარით, ხოლო უკანიდან – ორი გასწვრივი ფირფიტით. თითები და ბრჭყალები მოკლეა. ისინი შეგუებული არიან ტანმაღალი ხეების კრონაში, ბუჩქნარებში, ბამბუკის კორომებსა და ლელიანში ცხოვრებას.
თოხიტარასებრნი აკეთებენ ოსტატურად დაწნულ სფერულ ან ტომრისებურ ბუდეს, გვერდზე დატანებული შესასვლელით. დებენ 5-13, ზოგჯერ 17-მდე კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 11-13 დღეს გრძელდება. იკვებებიან მეტწილად მწერებით და მათი ლარვებით, აგრეთვე თესლებითაც.
ოჯახში აერთიანებენ 7 გვარს, 20-მდე სახეობით. გავრცელებული არიან პალეარქტიკაში, უპირატესად – მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთში, ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ შტატებში და მექსიკაში. საქართველოში მოიპოვება 2 გვარის წარმომადგენლები.