კასალსი პაბლო
პაბლო კასალსი – (29 დეკამბერი 1876, ვენდრელი, ბარსელონის მახლობლად − 22 ოქტომბერი 1973, სან-ხუანი, პუერტო-რიკო], ესპანელი ვიოლონჩელისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე.
მისი, როგორც ვირტუოზი შემსრულებლის, დებიუტი შედგა 1899 პარიზში. 1901-იდან ტრიუმფით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (1905-13 რუსეთში). უკრავდა ტრიოში ა. კორტოსა და ჟ. ტიბოსთან ერთად. კასალსიმ ხანგრძლივი საშემსრულებლო მოღვაწეობით სავიოლონჩელო ხელოვნებაში მთელი ეპოქა შექმნა. 1920 ბარსელონაში ჩამოაყალიბა სიმფონიური ორკესტრი, 1924-მუშათა მუსიკალური საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1936-მდე. 1939-იდან ცხოვრობდა საფრანგეთში. 1950-იდან ეწყობოდა კასალსის სახელობის ფესტივალები. 1957-იდან მრავალ ქვეყანაში იმართება კასალსის სახელობის ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსები (პირველი მოეწყო პარიზში).