ლისტი ფერენც
ფერენც ლისტი – (22. 10. 1811, დობორიანი ქ. შოპრონის მახლობლად, უნგრეთი − 31. 7. 1886, ბაიროითი, გერმანია), უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკალური რომანტიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი.
ლისტის პირველი მუსიკის მასწავლებელი იყო მამამისი, ადამ ლისტი, მოყვარული მუსიკოსი. 9 წლის ლისტმა უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1821 ლისტი ვენაში მეცადინეობდა კ. ჩერნისთან (ფორტეპიანო) და ა. სალიერისთან (კომპოზიცია). 1823 სწავლა განაგრძო პარიზში. აქვე 1825 დაიდგა მისი ოპერა „დონ სანჩო, ანუ სიყვარულის ციხე-სიმაგრე“. ამავე პერიოდში შექმნა მან პირველი საფორტეპიანო თხზულებები, 12 ეტიუდი და სხვა მცირე ფორმის ნაწარმოებები. ჰიუგოსთან, ბალზაკთან, ჰაინესთან, გამოჩენილ მუსიკოსებთან – შოპენთან, ბერლიოზთან, პაგანინისთან ურთიერთობამ დიდი გავლენა იქონია ლისტის ესთეტიკური პრინციპებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1838-47 ევროპის ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარეს სწორუპოვარ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში, მიანიჭა საკრავს ორკესტრული ხმოვანება. 1848-იდან ცხოვრობდა გერმ. მუსიკსლურ ცენტრში-ვაიმარში, სადაც სათავეში ჩაუდგა საოპერო თეატრს. 11 წლის მანძილზე დადგა მრავალი ოპერა. ვაიმარის პერიოდი უმნიშვნელოვანესი ხანაა ლისტისის შემოქმედებაში. აქ შეიქმნა მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ფაუსტ-სიმფონია“ (1857), სიმფონია დანტეს „ღვთაებრივი კომედიისათვის“ (1856), 12 სიმფონიური პოემა, მათ შორის საუკეთესოებია: „ტასო“ (გოეთეს მიხედვით 1856), „პრელუდიები“ (ლამარტინისა და ჟ. ოტრანის მიხედვით, 1854), საფორტეპიანო სონატა სი მინორი (1853), პროგრამული პიესების კრებული „მოგზაურობის წლები“ (3 რვეული), 2 საფორტეპიანო კონცერტი (1856;1861), 19 უნგრული რაფსოდია, ესპანური რაფსოდია, „მეფისტო-ვალსი“, „უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობის ეტიუდები“ და სხვ.
1861 ლისტო საცხოვრებლად რომში გადავიდა. 1865 აბატად ეკურთხა. 1860-80 დაწერა სასულიერო ხასიათის ნაწარმოებები. ლისტის სახელთანაა დაკავშირებული უნგრული მუსიკალური სკოლის აღმავლობა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ძირითადად უნგრეთიდან მოშორებით გაატარა. თავის შემემოქმედებაში ლისტი აქტიურად იყენებდა უნგრულ ქალაქურ ფოლკლორს. 1875-იდან სიკვდილამდე იყო ბუდაპეშტის მუსიკალური აკადემიის პრეზიდენტი და პროფესორი. ლისტმა პირველმა შექმნა ერთნაწილიანი სიმფონიური პოემა (სინთეზური ერთნაწილიანი ფორმა). კომპოიტორის ნოვატორული შემოქმედების განმსაზღვრელი პრინციპია – პროგრამულობა და მასთან დაკავშირებული მონოთემატიზმი. ლისტის იდეურ-მხატვრული პრინციპები სხვადასხვა ეროვნულმა სკოლამ მიიღო,მათ შორის, რუსულმაც, ლისტმა აღზარდა 300-ზე მეტი (მათ შორის გამოჩენილი) პიანისტი.
მ. კორძაია