მეფეტვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფეტვია

მეფეტვია (ლათ. Emberiza calandra Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

მეფეტვია ყველაზე დიდია ჩვენში გავრცელებულ გრატებს შორის, ფრთა 90-105 მმ-ია, კუდი 60-80 მმ, ნისკარტი – 11-14 მმ, წონა – 35-60 გ. მამალი მნიშვნელოვნად დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზაფხულში ზრდასრულ ფრინველს თავი ზემოდან და სხეულის ზურგის მხარე მოწაბლისფრო აქვს, მორუხო ელფერით და მოშავო-ყავისფერი გასწვრივი წინწკლებით. წელი და კუდზედა ბუმბულები მუქი არაა და წინწკლებიც არა აქვთ. სხეულის მუცლის მხარე მოთეთროა, მუქი ყავისფერი გასწვრივი სიჭრელით მკერდსა და სხეულის გვერდებზე და წინწკლებით ყელზე, ჩიჩახვსა და კისრის გვერდებზე. ზოგჯერ ყელსა და ჩიჩახვზე სიჭრელე მეტია, ზოგჯერ კი სრულიად არაა. ლოყები და ყურების მფარავები მუქი მურაა, წვრილი მოყავისფრო-მურა წინწკლებით. მომქნევები, საჭის ბუმბულები და ფრთის ზემო მფარავები მუქი მურაა, უფრო ღია ფერის არშიებით. ნისკარტი და ფეხები მურაა.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მეფეტვია – E. c. calandra Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს შუა და სამხრეთ ევროპასდასავლეთით ატლანტის ოკეანის ნაპირებამდე; ჩრდილოეთით ბრიტანეთის კუნძულებს, სამხრეთ ნორვეგიას, სამხრეთ-დასავლეთ შვეციას, ლიტვას, ჩერნიგოვის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებით ჩრდილო კავკასიამდე და ვოლგის შესართავამდე; სამხრეთით მოიპოვება მთელს ევროპაში, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკაში საჰარამდე, მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, ერაყში, ამიერკავკასიაში, ირანში, შუა აზიაში და სამხრეთ ყაზახეთში. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია. ზამთრობს ბუდობის არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ეგვიპტეში, არაბეთში და სპარსეთის ყურის სანაპიროებთან. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მეფეტვია მობუდარია, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში, მცირე რაოდენობით – ზოგჯერ ზამთარშიც.

ბიოტოპი

ბინადრობს ბუჩქნარიან მდელოებსა და მინდვრებში, ტყისპირებში, ბაღებში, ზოგან ეზოებში. მთებში მოიპოვება 2000 მ-მდე ზრვის დონიდან.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე პატარა ჩაღრმავებაში ნაირგვარ ბალახებს შორის, ზოგჯერ ბუჩქზედაც. წელიწადში ორჯერ მრავლდება. პირველი გამრავლება მიმდინარეობს აპრილის მეორე ნახევარში და მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ – ივნისსა და ივლისში. დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება.

კვება

მეფეტვიას ძირითადი საკვებია ნაირგვარი ველური ბალახების თესლები და მწვანე ნორჩი ყლორტები. ზაფხულში მრავლად ჭამს მწერებსაც, რომელთა შორის ბევრია ტყისა და ბაღების მავნებლები.

მნიშვნელობა

სასარგებლო ფრინველია, რადგან ჭამს სარეველა მცენარეების თესლებსა და ბევრ მავნე მწერს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები