მთის ჭვინტა
მთის ჭვინტა (ლათ. Acanthis flavirostris Linnaus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − ჭვინტა (Acanthis)
მთის ჭვინტა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი – 55-70 მმ, ნისკარტი – 7-9 მმ, წონა ― 15-20 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. მამლის საერთო შეფერილობა ჟანგმიწისფერ-ჟანგისფერია, ბუმბულების შუაში მუქი მურა ლაქებით. კუდზედა ბუმბულები მოვარდისფრო-წითელია, მაგრამ მათ შორის ყველაზე გრძელი, ჟანგმიწისფერია, მურა ფერის ლაქებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, მოთეთრო ან მოჟანგმიწისფრო არშიებით. მუცლის მხარე მკრთალი მოწაბლისფრო-ჟანგმიწისფერია, მურა ღერძულა ლაქებით ჩიჩახვზე, მკერდსა და სხეულის გვერდებზე. მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები მოჟანგმიწისცრო-თეთრია. გაზაფხულზე წითელი ფერი კუდზედა ბუმბულებზე, სიჭრელე. ჩიჩახვზე, მკერდსა და სხეულის გვერდებზე უფრო მკვეთრი და შესამჩნევია. ნისკარტი გაზაფხულზე მოწაბლისფრო- ყვითელია, შემოდგომით და ზამთარში – ღია ყვითელი, მუქი წვეროთი. ფეხები მურაა. დედალი მამლის მსგავსი შეფერილობისაა, მაგრამ კუდზედა ბუმბულები წითელი კი არა, მოწაბლისფრო-რუხი აქვს, ხოლო საერთო შეფერილობა მკრთალია.
აღწერილია 11 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მთის კვინტა – A. f. brevirostris Moore, 1855.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი შედგება სამი იზოლირებული ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილს და ნორვეგიის მთელ დასავლეთ სანაპირო ზოლს; არეალის მეორე ნაწილი განლაგებულია კავკასიაში, მის მოსაზღვრე მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში; არეალის ყველაზე ვრცელი ნაწილია ცენტრალურ აზიაში, რომელიც მოიცავს მთიან მასივებს აღმოსავლეთით ტიანშანამდე, მდ. მეკონგის სათავეებამდე, სამხრეთით – ტიბეტამდე და ქაშმირამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მთების ზემო, წვრილტყიან ზონაში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ბალახნარებსა და დაბალ ბუჩქნარებში ან მეჩხერ დეკიანში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მეტწილად დეკას დაბალ ბუჩქებზე მიწის ზედაპირის მახლობლად. წელიწადში მრავლდება მხოლოდ ერთხელ. მაისში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 13-14 დღემდე აღწევს.
კვება
მთის ჭვინტას საკვებს შეადგენენ სუბალპურ და ალპურ ბალახოვან მცენარეთა თესლები, აგრეთვე მწერები.
მნიშვნელობა
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.