საყელოიანი მემატლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყელოიანი მემატლია (ლათ. Muscicapa albicollis Temminck, 1815) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

საყელოიანი მემატლია ბეღურაზე პატარა ფრინველია, ფრთა 75-85 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი – 7-10 მმ, წონა – 12-16 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს მეტწილად შავია. შუბლზე ფართო თეთრი ლაქაა. კისრის გვერდებზე ფართო თეთრი ზოლებია, რომლებიც ღრმად იჭრებიან კისრის უკანა ნაწილისაკენ, მაგრამ ერთმანეთს არ უერთდებიან და „საყელო“ მთლიანი არაა (კავკასიური ქვესახეობა). მომქნევების ძირები, ზოლები საჭის ბუმბულების 3 კიდურა წყვილზე და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია. კუდზედა ბუმბულები თეთრი ან მორუხოა. დედალი ზურგსა და თავზე ზემოდან მოჟანგმიწისფრო-რუხია. შემოდგომით მამალი, აგრეთვე დედალი ზურგის მხარეს, თავის გვერდებზე, კისერზე, ზურგსა და მხრებზე მოწაბლისფროა, წენგოსფერ-მოჩალისფრო ელფერით. ნისკარტი და ფეხები მამალს ზაფხულში შავი აქვს. სხვა დროს, აგრეთვე დედალს – მუქი რქისფერი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური საყელოიანი მემატლია – M. a. semitorquata_Homeyer, 1885.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი შედგება ორი იზოლირებული ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს – საფრანგეთის აღმოსავლეთი ნაწილიდან, ვოლგის შუა დინებამდე, სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები (იტალიის მთები, სიცილია, ბალკანეთი, ყირიმი), ჩრდილოეთით უნგრეთამდე, სამხრეთ პოლონეთამდე და ხარკოვამდე; მეორე ნაწილი – მცირე აზიას, კავკასიას, ირანის კასპიის ზღვის სანაპიროებს, პალესტინას, კოპეტ-დაღს და აქა-იქ შუა აზიის სამხრეთ ნაწილს. ზამთარს ატარებს აფრიკის ეკვატორულ და დასავლეთ ნაწილებში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მაღალტანიან ფოთლოვან ტყეში, უპირატესად მუხნარებსა და რცხილნარებში, მაგრამ ყოველთვის პატარა მინდვრების მახლობელ ტყისპირებში. ზოგჯერ ბუდობს ბაღებსა და პარკებში ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზონის ზემო საზღვრამდე.

გამრავლება

კავკასიური ქვესახეობის გამრავლება შეუსწავლელია. ევროპული ქვესახეობა ბუდობს ფუღუროებში, ნაპრალებში ან ხვრელებში. მაისის შუა რიცხვებში დებს 5-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

საყელოიანი მემატლიას საკვებს შეადგენენ ნაირგვარი მწერები. მათი კვერცხები და მუხლუხოები, რომელთა შორის უმრავლესობა ტყის მავნებელია.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით მეტად სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები