ჩვეულებრივი მგლინავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი მგლინავა

ჩვეულებრივი მგლინავა (ლათ. Certhia familiaris Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი მგლინავა ჩვენი ორნითოფაუნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 55-70 მმ-ია, კუდი – 60-70 მმ, ნისკარტი – 14-19 მმ, წონა – 7-11 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო ან მოყვითალო-მურაა, გასწვრივი მოთეთრო წინწკლებით. თვალებს ზემოთ თეთრი ზოლებია; კუდზედა ბუმბულები თამბაქოსფერ-მოყვითალო ან ქარცია. ფრთები მურა-რქისფერია, შავი და მოყვითალო ლაქებით, რომლებიც დაკეცილ ფრთებზე წარმოქმნიან ღია ფერის ზოლებს. მომქნევების წვეროები მოთეთროა. საჭის ბუმბულები რუხი ან მოწაბლისფრო-ყვითელია, ღია ღეპეპებით. სხეულის ქვემო მხარე აბრეშუმოვანი თეთრია. კუდქვეშა ბუმბულები თეთრი ან მოყვითალოა. ნისკარტზედა მოშავო-რქისფერი, ნისკარტქვედა – მოყვითალო-ხორცისფერი, ფეხები – მორუხო-ყვითელი.

აღწერილია 20 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ირანული ჩვეულებრივი მგლინავა – C. f. persica Sarudny et Loudon, 1905.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი ვრცელია. იგი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტყის ზონის უმეტეს ნაწილს. ჩრდილოეთით ევროპაში ვრცელდება მე-60 – 61-ე, ხოლო აზიაში – 55-57-ე პარალელებამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მთების ტყეებში, მცირე აზიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზიის მთათა ქედებზე. მცირე აზია, ამიერკავკასია და ჩრდილოეთი ირანი არეალის იზოლირებული ნაწილია. ჩრდილოეთი რაიონებიდან მომთაბარეობა მკვეთრადაა გამოხატული და გადაფრენის ხასიათს ღებულობს, მაგრამ არეალს არ სცილდება. სამხრეთში მობინადრეა. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მეტწილად მაღალტანიან ფოთლოვან ტყეებში, როგორც დაბლობებში, ისე მთების ფერდობებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზღვის დონიდან. ზამთარში ინაცვლებს დაბლობებში და ხშირად მოიპოვება პარკებში, ბაღებში, ეზოებში, ზოგჯერ განმარტოებით მდგომარე ხნიერ ხეებზე.

გამრავლება

ბუდობს ხეების ნაპრალებში, პატარა ფუღუროებში, ნახევრად ახლეჩილ ქერქსა და ხის ღეროს შორის; ბუდეს აგებს მხოლოდ დედალი. წელიწადში ორჯერ მრავლდება. პირველად აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, ხოლო მეორედ ივნისში დებს 5-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-15 დღეს გრძელდება.

კვება

ჩვეულებრივი მგლინავა იკვებება უპირატესად მწერებით, მათი კვერცხებითა და ლარვებით, რომელთაც მოიპოვებს ხის ღეროსა და ტოტებზე ცოცვის დროს. ჭამს ობობებს, ზოგჯერ მცენარეთა თესლებსაც.

მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის მიუხედავად, დიდი სარგებლობა მოაქვს ტყის, ბაღებისა და პარკებისათვის, ხეების ღეროებისა და ტოტების მავნე მწერებისაგან გასუფთავებით.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები